1-ლი თებერვლიდან კვების ობიექტების გარე სივრცეები გამონაკლისის სახით მხოლოდ აჭარაში გაიხსნება

January 22, 2021

კვების ობიექტების გარე სივრცეები გამონაკლისის სახით მხოლოდ აჭარაში გაიხსნება – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნება.

დანარჩენ საქართველოში რესტორნები არსებული შეზღუდვებით გააგრძელებენ მუშაობას, მათ შეუძლიათ კვლავ გატანის სერვისით იმუშაონ – თქვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მაია ცქიტიშვილმა აჭარაში გამონაკლისის სახით კვების ობიექტების ამუშავება რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას დაუკავშირა. მისი თქმით, აჭარაში 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4%-ს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდული რჩება ქორწილების, დიდი წვეულებებისა თუ სხვა სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. 

რესტორატორთა ასოციაცია და სფეროში ჩართული ადამიანები რესტორნებისა და კაფეების გახსნას შეზღუდვების დაწესების დღიდან მოითხოვენ. 20 იანვარს 13-მა ბიზნესასოციაციამ მთავრობას ყველა დარგის უმოკლეს ვადაში ამუშავების თხოვნითაც მიმართა, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ  ხელისუფლება კვლავ ე.წ მესამე ლოქდაუნს მიმართავდა და ბიზნესი ისევ ჩაკეტილი დარჩებოდა. 

ავტორი: ნატალი ნემსაძე