1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით Wizz Air რეისებს შეასრულებს 

September 17, 2020

1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ერთხელ Wizz Air რეისებს შეასრულებს – ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“დღეს კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად წინასწარი განხილვებით შემდგარია უკვე შეთანხმება, რომ კიდევ ერთი მიმართულებით გავხსნით პირდაპირ ფრენებს. მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით პირდაპირი ფრენები გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა Lufthansa, Air France, Air Baltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდებისთვის, დღეს გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან გავხსნათ ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი, ეს იქნება Wizz Air. თავდაპირველად ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება და ფრენები ჩატარდება მხოლოდ კვირაში ერთხელ”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა ფრთხილად და თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას. „ეს მოხდება პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და ასევე, ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში, ქუთაისში ბაზის დროებით დახურვის შესახებ განცხადება 1 ივლისს გაავრცელა. იგი რეისებს როგორც ბაზირებული თვითმფრინავებით, ასევე, არაბაზირებულით ასრულებდა. 

Leave a Reply