100 მილიონი ევრო საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისთვის – ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი

December 22, 2020

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სესხით შვიდი მთავარი საავადმყოფოს მოდერნიზება მოხდება. სესხი ასევე ითვალისწინებს COVID-19-თან დაკავშირებული აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას. 

“ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა,” – ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ აღნიშნა, ინვესტიციის მიზანია, საქართველოს დახმარება ქვეყნის წამყვანი საავადმყოფოებისა და სამკურნალო ცენტრების მოდერნიზება და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში.

“სესხი განკუთვნილია ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად – მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებაში იმ ქალებისა და მამაკაცების დასახმარებლად, რომლებიც ჩვენ მხარდაჭერასა და პატივისცემას იმსახურებენ. აღნიშნული თანხა ემატება იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებას, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

აღნიშნული ინვესტიცია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში პარტნიორი ქვეყნებისათვის 6.7 მილიარდი ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილია.