11 000 ობიექტიდან 500 გადარჩება – რესტორატორთა ასოციაცია

December 23, 2020

პანდემიამდე 11 000-მდე ობიექტი არსებობდა და აქედან მხოლოდ 500 გადარჩება – ასეთ პროგნოზს აკეთებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი იმ შემთხვევაში თუ რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 15 იანვრიდან არ მიეცემათ. მისი განმარტებით, შეზღუდვის დიდხანს გაგრძელების პირობებში რესტორნებს იჯარით აღებული ფართების დატოვება მოუწევთ. 

შოთა ბურჯანაძის თქმითვე, რესტორნებში შექმნილია პირობა დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია, ამიტომ მისთვის გაუგებარია რატომ არ ეძლევა სექტორს მუშაობის უფლება. “გადაწყვეტილებები გვიანდება”- ამბობს იგი.

” რესტორანში, სადაც ყველაფერი დარეგულირებულია და შექმნილია ის პირობები, რომ ადამიანმა იგრძნოს უსაფრთხოდ თავი, მიდიან ისეთ ადგილებში, აგარაკებზე თუ ქალაქ გარეთ, სადაც ეპიდემიის განვითარება უფრო მეტი არის. ამ ლოგიკას რატომ ვერ უყურებენ ვერ ვხვდები. კონტროლის მექანიზმს კარგავენ და შესაძლებლობას აძლევენ ხალხს, რაც უნდათ, ის რომ აკეთონ.

წლიური ბრუნვა ჩვენ სფეროში იყო სამ მილიარდ ნახევარი დოლარი. ეს არის ის თანხა, რომლითაც ეკონომიკა იზრდებოდა. შიმშილის პირას არის სექტორი, თუ დროულად არ გაიხსნება ის” – ამბობს შოთა ბურჯანაძე.

მძიმე ვითარებაზე საუბრობს „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი. სექტორი ფაქტობრივად, არის მკვდარი, 300 000 ადამიანი უმუშევარია – ამბობს შალვა ალავერდაშვილი. მისივე თქმით, რეგულაციების გამო ქვეყანაში  ისედაც თითზე ჩამოსათვლელად მუშაობდნენ სასტუმროები, გუშინდელი გადაწყვეტილებით კი მათაც უთხრეს, რომ ახალი წელი არ უნდა დაგეგმონ.

“ყველაზე დაზარალებული სექტორი ვართ ქვეყანაში, სექტორი არ არსებობს, თითქმის ყველაფერი დახურულია. სექტორი ფაქტობრივად, არის მკვდარი. მოლოდინი არ გვქონია, გახსნაზე. მოლოდინის გაჩენამ ბევრჯერ დაგვაზარალა ადრე, წინა პერიოდში, რადგან ველოდით, უნდა გავხსნილიყავით, ან გახსნილი ვიყავით და პროდუქტი იყო შეძენილი, პერსონალი აყვანილი და უცბათ ვიხურებოდით. ახლა, ამ პერიოდში მზადება აღარ გვქონია. სასტუმროების სექტორში 100 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, სარესტორნო სექტორში კი 200 ათასი, ეს 300 000 ადამიანი დღეს უმუშევარია.” – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლების პროტესტის პარალელურად მთავრობაში თვლიან, რომ შეზღუდვები დაბალანსებული და სამართლიანია. 

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ე.წ წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი გეგმა შეიცვალა. დამატებით რეგულაცია დაუწესდათ სასტუმროების რესტორნებს, მათ 24 დეკემებრიდან 2 იანვრამდე მუშაობის უფლება მხოლოდ ცხრა საათამდე ექნებათ.