“არასწორია ინფორმაცია თურქეთის მხარის მიერ საბაჟოს გადატანის მოთხოვნის შესახებ” – RS

July 7, 2021

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტის კარწახიდან ახალქალქში გადატანის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობენ, რომ თარგმანშია შეცდომა. საქმე ეხება დღეს რამდენიმე მედია პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრაზე, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ საქართველოს მიმართა თხოვნით საბაჟო გამშვები პუნქტი კარწახიდან ახალქალაქში გადაეტანათ.

“არ გიდასტურებთ. არასწორი ინფორმაციაა, თარგმანშია შეცდომა,” – გვითხრეს შემოსავლების სამსახურში.

რა მიზეზით შეიძლება მოითხოვოს თურქეთმა კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანა და როგორ აისახება ქვეყნის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე შესაძლო განხორციელება? კითხვით ჩვენ შავი ზღვის უნივერისტეტის პროფესორს, ნიკოლოზ ჩიტაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, შესაძლებელია ახალქალაქში შემოწმდეს ის ნივთები, რომელიც ბაქო-თბილისი-ახალქალქი-ყარსის მატარებელმა უნდა გადაზიდოს და კავშირი არ აქვს ქვეყნის საზღვრების გადმოწევასთან.

,,კარწახი“, როგორც საქართველო-თურქეთის საზღვარზე, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტი “ 2015 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა. პარალელურად, იმავე დღეს, თურქეთში საბაჟო გამშვები პუნქტი “აქთაშ-ჩილდირი” ამოქმედდა.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე (რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ჯენაფ აშჯი, ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები საქართველოდან და თურქეთიდან) ითქვა, რომ ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობდა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ოფიციალური ინფორმაციით,  საბაჟოს გამტარიანობის მაჩვენებელი დღე/ღამეში მინიმუმ 500-600 სატვირთო მანქანა და 10 000 მგზავრი იქნებოდა; შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები და გაჩნდებოდა შემოსავლის დამატებითი წყარო. “საბაჟო-გამშვებ პუნქტში პირველ ეტაპზე, სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის საფუძველზე, დაახლოებით 70 პირი (მებაჟე-ოფიცრები, ფოტოსანიტარიული და ვეტერინარული სამსახური, დამხმარე პერსონალი, მოიჯარეები) დასაქმდა, მათგან 80-85% ადგილობრივი მცხოვრებია. საბაჟო გამშვები პუნქტის “კარწახის” მშენებლობისა და აღჭურვის საერთო ღირებულებამ 11 532 940 ლარი შეადგინა. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სამშენებლო სამუშაოებში 200-მდე მოქალაქე დასაქმდა, აქედან 40-50 მოქალაქე ადგილობრივი მცხოვრებია”, – ნათქვამი იყო შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.