გიორგი გახარიას პარტიის პოსტერები ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, კანონით შეზღუდულ ადგილზე რამდენიმე დღის განმვალობაში იყო გაკრული. მიუხედავად იმისა, რომ 14 სექტემბერს, პარტიის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორს, ლევან თათოშვილს აღნიშნულის შესახებ ვაცნობეთ, პოსტერები დღემდე ადგილზე იყო. სააგიტაციო მასალა, პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ჩვენი ზარის შემდეგ ჩამოხსნეს.
პარტიის მერობის კანდიდატმა, გიორგი არველაძემ გვითხრა, რომ პოსტერები გასაკრავად ბავშვებს გაატანეს, მათ კი საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ლოკაციების შესახებ ცნობა არ ჰქონდათ.
როგორი უნდა იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია დარღვევაზე? სამსახურის უფროსი მიხეილ მაკარიძე გვეუბნება, რომ პირს იმ შემთხვევაში დააჯარიმებენ, თუ პოსტერის გაკვრის ფაქტს მიმდინარეობისას დააფიქსირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოსტერებს მას შემდეგ ჩამოხსნიან, რაც არჩევნები დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.