კავკასიური პლატფორმა – საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება და ინიციატივის პარალელი რუსეთის ინტერესებთან

December 23, 2020

“რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს ხმა ეძლევათ თქვენს რეგიონალურ საქმეებში?“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. 

სალომე ზურაბიშვილმა  “კავკასიური პლატფორმის” ინიციატივის მხარდამჭერი ვიდეო განცხადება გუშინ ტვიტერზე გამოაქვეყნა. “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა და რეგიონში წლის ერთ-ერთ გამოწვევა უწოდა. მისივე თქმით, სამწუხარო იყო საქართველოს პასიურობა რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში. 

“საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამ შინაარსის განცხადებებმა დისკუსია გამოიწვია როგორც უცხოელ დიპლომატებში ასევე ქვეყნის შიგნით. კრიტიკას ოფიციალური წერილით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” ასე შეაფასა ადმინისტრაციამ საზოგადოების რეაქცია. 

“ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით  პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად  ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს  ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი.”- ვკითხულობთ ოფიციალური განცხადებაში.

„კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე პრეზიდენტმა 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზეც ისაუბრა. 

„ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა“, –თქვა პრეზიდენტმა.