რასაცა გასცემ შენია … – ივანიშვილის თქმით, მის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება

January 12, 2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი entrepreneu-თან ინტერვიუში ირწმუნება, რომ ყველა მატერიალური აქტივის, რომელიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული, საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემა გადაწყვიტა. როგორც ივანიშვილი ამბობს, ქველმოქმედებისთვის მილიარდ-ნახევარს გასცემს, ხოლო პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონი დოლარს იტოვებს.

მისი თქმით, მატერიალური აქტივების გაცემის ერთადერთი პირობა ისაა, რომ აქტივების მართვის ან გასხვისების შემთხვევაში მათ პროფილი არ უნდა შეეცვალოთ. 

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“, – ამბობს ივანიშვილი.

კითხვას როგორ შეხვდა მის ოჯახი ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილი პასუხობს, რომ ის მათთან შეთანხმებით მიიღო და ისინი სრულად იზიარებენ მის მიდგომას. როგორც ივანიშვილი განმარტავს იგი შვილებს, უტოვებს იმდენს, რომ “მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“.

მისი თქმით, მილიარდ-ნახევარი დოლარი სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელი განმარტავს საქველმოქმედო ფონდს უძრავ ქონებასაც გადასცემს, მათ შორის მის მფლობელობაში არსებულ ფერწერული ტილოების კოლექციასაც.

“ასევე გადავცემთ საქველმოქმედო ფონდს ან უძრავი ქონების სახით, ან მოვახდენთ მის რეალიზაციას და ფულად რესურსებს მივმართავთ ფონდში. იგივე ბედი ეწევა ფერწერული ტილოების კოლექციას, რომელიც ასევე ამ ნარჩენი კაპიტალის ნაწილია. კოლექციის ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა, ფული კი ფონდში მიიმართა. როდესაც დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება, სახსრები ასევე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ რეალიზაციას არ დაველოდოთ და ნაწილი ნამუშევრების სახით გადავცეთ ფონდს”, — განაცხადა ივანიშვილმა.

ინტერვიუში იგი არ ადასტურებს საერთაშორისო ბიზნესმედიის, მათ შორის, „ფორბსისა“ და „ბლუმბერგის“ მონაცემებს მისი ქონების შესახებ.

ფაქტს, რომ ივანიშვილი ქველმოქმედებაზე მილიარდ ნახევრის დახარჯვას გეგმავს და თავს 200 მილიონის ამარა ტოვებს არ ენდობიან სფეროს წარმომადგენლები. გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქონებას მალავდა მაშინაც კი, როცა მას ქონების დეკლარირების ვალდებულება ჰქონდა. 

უკანასკნელ წლებში მისი სახელი საერთაშორისო მედიისთვის საყურადღებო ცენტრში მოექცა, როდესაც “Panama Papers”- ის დოკუმენტებში მისი სახელიც აღმოჩნდა.დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი არაპირდაპირ (მის საკუთრებაში მყოფი სხვა კომპანიის მეშვეობით) ფლობდა კომპანია Lynden Management-ს. ეს ინფორმაცია მას არ ჰქონდა მითითებული თანამდებობის პირის დეკლარაციაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის დროს აქვს შევსებული.

ბიძინა ივანიშვილის ოფშერულ კომპანიებზე საუბარი იყო საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს 2018 წლის კვლევაში, სადაც ორგანიზაცია წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან 9 ოფშორული კომპანია და 70-ზე მეტი საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციაა ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული. 

ინტერვიუში მან პოლიტიკიდან უკვე მეორედ წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მისია შესრულებულია. როგორც იგი ინტერვიუში ამბობს, ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა მის ცხოვრებაში ეს ეტაპი. 

“მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი.”- ამბობს ივანიშვილი.

მისივე განმარტებით, პოლიტიკაში ერთხელ შემობრუნება მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით იყო ნაკარნახევი. “თავს უფლებას ვერ მივცემდი, ბოლომდე არ მიმეყვანა საქმე და მშვიდად გამეგრძელებინა კერძო ცხოვრება.”

რასაცა გასცემ, შენია… –  სწორედ ამ სათაურით გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან გამოცემა entrepreneur-მა. როგორც ავტორი წერს ინტერვიუ 9 იანვარსაა ჩაწერილი, თუმცა რესპოდენტის, თხოვნით ის მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ოფიციალური წერილი გაავრცელა.

გამოცემა entrepreneur ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუს ბოლოს, იმ ქონების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც ოლიგარქმა მისივე ფონდს, “ქართუს” გადაუფორმა, სრული ჩამონათვალი და ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე