150 000 და ნაკლები ქულის მქონე პირებს ელექტროენერგიის გადასახადი დაუსუბსიდირდებათ

January 17, 2022

საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც 150 ათასი და ნაკლები სოციალური ქულა აქვს მთავრობა ელექტროენერგიის ხარჯს ერთი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ დღეს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.  ​

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ​

პრემიერის თქმით, აღნიშნულ კატეგორიაში დაახლოებით მილიონი ადამიანია.

საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში სოციალურ პაკეტს 6 474 პირი იღებს. სულ რამდენი ოჯახია რეგიონში, რომელიც 150 ან მასზე ნაკლები ქულა აქვს? კითხვით ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ წარმომადგენელს დავუკავშირდით. მისი თქმით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით მათ მონაცემებთან წვდომა არ აქვთ და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შემოგვთავაზა. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობა მოსახლეობის კონკრეტულ ნაწილს კომუნალურ გადასახადებს ამ დრომდეც უსუბსიდირებდა.