2 მილიონ ლარზე მეტი სამ კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის

March 10, 2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთი-არსარვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის 2 700 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა, შპს „აკა“-მ მიიღო.

გამარჯვებულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტს სამუშაოებისათვის 2 190 617 ლარი შესთავაზა.

კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განახორციელოს გამარჯვებულმა კომპანიამ და რა ვადაში უნდა მოხდეს სოფლების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია? ამ კითხვებით ჩვენ კომპანიის დირექტორს ამირან კეკელიას გავესაუბრეთ.

მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების დადებიდან 3 დღეში დაიწყება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთი-არსარვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

რეაბილიტაციას ექვემდებარება 3,510 კმ. სიგრძის გზა, რომელიც იწყება ბარეთი-საბეჭისის საავტომობილო გზიდან და მთავრდება სოფ. არსარვანის სარიტუალო დარბაზთან.

კითხვაზე: შეკეთდება თუ არა დაზიანებული წყალგამტარი მილები, გვპასუხობს, რომ სამუშაოები პროექტით დაგეგმილია.

სატენდერო პირობების თანახმად, საპროექტო გზა წარმოადგენს ხრეშოვან საფარიან გზას, რომლიც პერიოდულად ხელახლა​ იხრეშებოდა და იტკეპნებოდა.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საჭიროებისამებრ დასაქმდებიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ 2023 წლის 01 ივლისამდე უნდა შეასრულოს.

ავტორები – სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა