ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე

November 25, 2020

მთავრობა ახალი შეზღუდვების გამოცხადებას ხვალ აპირებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 25 ნოემბერს, გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გუშინ ამავე ტრიბუნიდან ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ ლოქდაუნის დაწესება არ იგეგმება. რა სახის და რა ვადის შეზღუდვები იგეგმება- ეკატერინე ტიკარაძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია.

„ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია. ჩვენ [შეზღუდვების] ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, ორკვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა“,-აცხადებს ტიკარაძე.

გვაქვს თუ არა რეალურად ლოქდაუნი, ან რა შეზღუდვები შეიძლება გამოგვიცხადონ ხვალ? ამ სურათისთვის ჩვენ პირველი ლოქდაუნის დროინდელ შეზღუდვებს გახსენებთ, რომელიც მთავრობამ 31 მარტიდან გამოაცხადა:

პირველი – გადაადგილების შეზღუდვა:

დღის განმავლობაში ქუჩაში გადაადგილება აკრძალული იყო, თუმცა მოქმედებდა რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოვრიდებოდით გარეთ გასვლას. დღის განმავლობაში სახლიდან გასვლა აკრძალული იყო მხოლოდ 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების. მათ გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ როცა უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიოდნენ.

აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულო იყო ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.

რაც შეეხება ღამეს, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ნებისმიერი სახის გადაადგილება აკრძალული იყო, სპეციალური საშვის მქონეთა გარდა.

ტრანსპორტი:

სრულიად იყო აკრძალული ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მათ შორის, მეტროთი. შეზღუდვა ეხებოდა ქალაქებს შორის გადაადგილებას.

დასაშვებია იყო მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში მხოლოდ სამი ადამიანი იქნებოდა, მათგან ორი უკანა სავარძელზე . გარდა ამისა, მანქანის ფანჯრები არ უნდა ყოფილიყო დახურული.

სამსახური და სწავლა:

დასაქმებულთა  დიდი ნაწილი მუშაობდა დისტანციურად. იმ საწარმოების ნაწილს, სადაც ეს შეუძლებელია, მთავრობა საქმიანობის ნებართვას აძლევდა, სპეციალური პროტოკოლის თანახმად. სწავლა მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში.

კონტროლი:

კარანტინის პერიოდში ქვეყანაში ადამიანების გადაადგილების გასაკონტროლებლად და პირველადი შემოწმებისთვის შვიდ ქალაქში საკონტროლო პუნქტები იყო მოწყობილი.  გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებდნენ კარანტინის წესების დაცვას. დამრღვევებს 3000 ლარით აჯარიმებდნენ.

დავფიქრდეთ – რა არ მოქმედებს ახლა:

გადაადგილება ღამის საათებში კვლავ შეზღუდულია. სავალდებულო გახდა პირბადე. სამსახურები და განათლების სფერო უმეტესად რჩება დისტანციურ რეჟიმზე.

ერთერთი რასაც შეიძლება დამატებით შეზღუდვა შეეხოს, ეს ტრანსპორტია: ერთის მხრივ შესაძლებელია კვლავ დაბრუნდეს ე.წ. უკანა სავარძელზე ჯდომის რეჟიმი, რისი აუცილებლობის შესახებ კითხვები პირველი ლოქდაუნის დროსაც ისმებოდა. და მეორე ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და ქალაქებს შორის მოძრაობის შეზღუდვა. დღეს ამირან გამყრელიძემ- დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა უკვე დაადასტურა, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიდის, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით პირველი ლოქდაუნის პირობებს, ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე.

“მე ჩემს რეკომენდაციებზე ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.