სოხუმში პუტინის მხარდამჭერი შტაბი გაიხსნა

February 2, 2021

სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი შტაბი გაიხსნა. შტაბის გახსნის ინიციატორები აფხაზეთში მოქმედი პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან. 

განცხადების თანახმად, შტაბის გახსნის მიზანი რუსეთის მხარდაჭერაა, რადგან პრორუსული ორგანიზაციების შეფასებით, საერთაშორისო წარმომადგენლობა და აშშ “რუსეთის საშინაო საქმეებში ერევა”. პრესრელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონი და თბილისი “ოცნებობენ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე“ და აფხაზეთის ძალით დაკავებაზე“.

“2008 წელს ვაშინგტონი და მათი პროამერიკული და ნატოს ვირთხები საქართველოში ოცნებობენ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე. მათ სჭირდებათ ნებისმიერი ქაოსი და დესტაბილიზაცია რუსეთში და საზღვარგარეთული “მარიონეტის” ჩამოსვლა იმისთვის, რომ გაანადგურონ ძლიერი რუსეთი, ასევე სურთ რუსეთმა უარი თქვას ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაზე და რუსული ჯარი რესპუბლიკიდან განდევნონ” – წერია განცხადებაში. 

შტაბის ინფორმაციითვე, აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი მოძრაობაც დაფუძნდება, რომელსაც საზოგადოებრივი მიმღები ექნება.

აფხაზური საზოგადოება ამ შტაბის გახსნას არც მიესალმება და არც ეწინააღმდეგება გვეუბნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. 

“ეს არის აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად რუსების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ეჭვი მეპარება, რომ იქ ბევრი ეთნიკურად აფხაზი გაწევრიანდეს. აფხაზები თავს არ იკლავენ არც პუტინის ლანძღვაში, და არც პუტინის ქებაში. ვფიქრობ, შეიძლება უხერხულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეს ეს შტაბი, რადგან, თვალშისაცემი იქნება, რომ მის შემადგენლობაში მხოლოდ რუსები იქნებიან. ფაქტია, რომ აფხაზური საზოგადოება ამ შტაბს არც ეწინააღმდეგება, მაგრამ არც მიესალმება. ეს პრორუსული ორგანიზაციაა, რუსეთში ვერ იტანენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ სურთ, რომ ეს განწყობა აფხაზეთშიც გადმოიტანო, მაგრამ ეს იდეა აფხაზეთში არც თუ ისე პოპულარულია.” – ამბობს ის ჩვენთან საუბრისას.