თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – წულუკიანი ელისაშვილს

February 2, 2021

თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? – ამ კითხვით მიმართა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. 

დღეს ალეკო ელისაშვილისთვის და ლევან იოსელიანისთვის ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში პირველი სამუშაოა დღეა. ​ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თავისი ტელეფონის ნომერი დაასახელა და თქვა, რომ ამჟამად სატელეფონო ზარებს დეპუტატის რანგში უპასუხებს. 

“ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, თუმცა მისი მიზანია, რომ საარჩევნო რეფორმით შემდგომი გაყალბება აიცილოს თავიდან. 

ამის საპასუხოდ ელისაშვილს ტელეფონის ნომერი დაუსახელა თეა წულუკიანმაც. 

„ჩაინიშნეთ? ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო,“ – თქვა წულუკიანმა.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა 29 იანვარს განაცხადეს,რომ პარლამენტში შევლენ. მათი თქმით, მმართველ პარტიასთან ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ამიტომ საპარლამენტო საქმიანობაშიც ჩაერთვებიან და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.