ცესკოს მუშაობას “კარგად” გამოკითხულთა 24% აფასებს , “ცუდად” 31 % – NDI

January 25, 2021

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას “კარგად”გამოკითხულთა მხოლოდ 24 % აფასებს. ცესკოს მუშაობას “ცუდად” აფასებს გამოკითხულთა 31 %, 27 % კი “საშუალოდ”. 

2014 წლიდან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცესკოს საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მუშაობას “კარგად” გამოკითხულთა მეოთხედზე ნაკლები აფასებს, ის “ლიდერებისა და ინსტიტუტების” შეფასებებში მეორე ადგილზეა. ამ კატეგორიაში პირველ ადგილს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იკავებს. შეფასებით -“კარგად” – 46%; “ცუდად” – 17%.  

ლიდერებისა და ინსტიტუტების შეფასების ცხრილში ცესკოზე დაბალი რეიტინგი აქვს პარლამენტს (“კარგად” – 15%, “ცუდად” – 34), პრეზიდენტს (“კარგად” – 14%, “ცუდად” – 35%) და სასამართლოებს (“კარგად” – 13%, “ცუდად” – 29%). 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ამ დრომდე აპროტესტებენ ოპოზიციაში. ოპოზიციის შეფასებით არჩევნები გაყალბებულია, სწორედ ამ მოტივით ზღვარ გადალახული ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

კვლევა ​ NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით «CRRC საქართველომ» ჩაატარა. NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.