“4 წელი ჩემს ფირმას არ უნდა ემუშავა ესე იგი? – “მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევები ბორჯომში – TI

May 6, 2022

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა, ფირან გოგიჩაშვილმა, 2018 წელს თანამდებობაზე დანიშვნის დროს საკუთარი კომპანია შპს „მშენებლობა და პროექტირება“ უსასყიდლოდ გაასხვისა, ხოლო 2022 წელს, აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია ასევე უსასყიდლოდ დაიბრუნა, – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, “პატრიოტთ ალიანსის” დეპუტატმა გოგიჩაშვილმა კომპანია ვასილ მჭედლიძეს გადასცა, რომელიც ასევე ინდ მეწარმედ არის რეგისტრირებული. იმ პერიოდში, როდესაც კომპანია გასხვისებული იყო, შპს “„მშენებლობა და პროექტირება“-მ და ინდ მეწარმე ვასილ მშედლიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან 52 სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, – ორგანიზაცია „მბრუნავი კარის“ და შესაძლო კორუფციის შემთხვევაზე მიუთითებს.  ​

კვლევის მიხედვით, 2018-2021 წლებში ბორჯომის მერიამ და მისმა ააიპ-ებმა შპს „მშენებლობა და პროექტირებას“ 22 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაც გაუფორმეს, თითქმის ნახევარი მილიონი ლარის მომსახურებაზე, ასევე, ნახევარ მილიონ ლარამდე ღირებულების 7 ტენდერი, უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე.  

“4 წელი ჩემს ფირმას(ვისზეც მქონდა გადაბარებული) არ უნდა ემუშავა ესე იგი?” – ასე გვპასუხობს კომპანიის დირექტორი, ფირან გოგიჩაშვილი. მისი თქმით, მას იურიდიულად აქვს უფლება “გადაბარება-გადმობარების” და ეს “აკრძალული არ არის”.

გვეუბნება, რომ თუ კანონი დაარღვია და იმ პერიოდში, როცა კომპანია გასხვისებული იყო სარგებელი თავადაც მიიღო, მაშინ პასუხს აგებს. ამბობს, რომ კომპანია საპასუხო განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.    

რაც შეეხება ვასილ მჭედლიძეს, ჩვენ გვინდოდა მისი პოზიციაც შემოგვეთავაზებინა, თუმცა მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთულია.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეისწავლოს 2018-2021 წლებში,  შპს „მშენებლობა და პროექტირებას“ და ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძის სახელმწიფო შესყიდვები და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

აქვთ თუ არა საკითხის შესახებ ინფორმაცია და როგორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიცია – უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.