COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად საქართველომ ევროკავშირისგან კიდევ 60 მილიონი ევრო მიიღო

December 14, 2020

ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროს გრანტი გამოუყო. თანხა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.

“დახამარება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე,საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“, აცხადებს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან, რომელიც COVID-19-ის მიმართ მდგრადობის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული და რომლის საშუალებითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, სახსრების გამოყოფის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფოს ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგაა მიღებული.

დარჩენილი თანხა კი  მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე, გამოიყოფა რომელიც ეხება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას.

აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის  100 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა.