თოვლი, ქარი და დაზიანებული ტექნიკა – უამინდობის შედეგები წალკაში

March 19, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

უამინდობამ და დიდთოვლობამ რეგიონების ნაწილში პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, ფარავნის უღელტეხილის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა გზების გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას ხელი შეუშალა.

როგორც წალკის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წალკის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები ტექნიკის დაზიანების ფაქტიც დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ, აღნიშნული მიზეზით, სოფელ გუმბათის მაცხოვრებელი გზიდან გააბრუნა. სამუშაო ბრიგადა კი დამატებითი ტექნიკის მოლოდინში იმყოფებოდა.

გაწმენდითი სამუშაოების შეფერხებით მიმდინარეობაზე საუბრობენ წალკის მერიაშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ სოფლებთან მისასვლელი გზების სრულად გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისი ტექნიკის მუშაობას ქარბუქი ართულებს, ხოლო ძლიერი ქარის გამო გაწმენდილი გზა, კვლავ გასაწმენდი ხდება.

ბოლო მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრში თოვლის საფარი 60-70 სმ-ია, მაღალმთიან სოფლებში კი მისი სიმაღლე ერთ მეტრზე მეტია. მოსახლეობის თქმით, უამინდობის გამო დაფიქსირდა ელექტროენერგიის შეწყვეტის ფაქტიც.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში მცხოვრებლების ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგია დილის საათებში არ მიეწოდებოდა. ამ ეტაპზე, პრობლემა აღმოფხვრილია.

“ენერგო პრო-ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, წალკის მასშტაბით, ელექტროენერეგიის შეფერხებით მიწოდების თაობაზე მათთვის არავის მიუმართავს.