ქართული ჟურნალისტიკის დღე და TOK TV ახალი ლოკაციიდან #წალკა

March 21, 2022

21 მარტს, საქართველოში, ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს დააწესეს. ეს დღე პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება. ქართული ჟურნალისტიკა არსებობის 202 წელს ითვლის.

1819 წლის 21 მარტს “ქართული გაზეთის” პირველი ნომერი გამოვიდა, რომელიც რუსეთის იმპერიაში შემავალ ხალხებს შორის პირველი ოფიციალური გამოცემა იყო ეროვნულ ენაზე. ქართული ჟურნალისტიკის უმნიშვნელოვანეს თარიღებს შორისაა 1925 წლის 21 მაისიც, როდესაც საქართველოში პირველი საცდელი რადიოგადაცემა შედგა.

1930-იანი წლების ბოლოს ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის მხოლოდ საქართველოს რადიო მაუწყებლობდა 6 ენაზე – ქართულად, რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, აფხაზურად, ოსურად; 1956 წლის 30 დეკემბერს თბილისის ტელეცენტრის შენობიდან პირველი გადაცემა გავიდა ეთერში. სწორედ ეს დღე მიიჩნევა საქართველოს ტელევიზიის დაბადების დღედ.

1998 წელს კი ქართულმა მედიამ ინტერნეტსივრცეშიც შეაღწია. პირველი ქართული ინტერნეტგამოცემა იყო „გზა“.

მირანდა ფუტკარაია, საიდა მამედოვა, სოფიკო ქარცივაძე, ქეთევან ბოლქვაძე

თარიღს ჟურნალისტიკის სფეროს წარმომადგენლებს ულოცავს ჩვენი რედაქციაც, რომელიც  რიცხვს მაუწყებლობის გაზრდილი გეოგრაფიული არეალით ხვდება. EED-ისთან პარტნიორობით TOK TV-მ წალკის მუნიციპალიტეტში პირველი ადგილობრივი მედია დააფუძნა.

ჩვენი ბიურო წალკაში მიზნად ისახავს შექმნას საერთო საკომუნიკაციო სივრცე და მიმდინარე მოვლენების შესახებ, ყოველდღიურ რეჟიმში სანდო და ობიექტურ ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორიას.