წალკის მუნიციპალიტეტი რეანომობილის გარეშე

March 16, 2022

ავტორები: ქეთევან  ბოლქვაძე, საიდა მამედოვი

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის  მკვიდრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად რეანომობილი კვლავ დედაქალაქიდან გამოიძახეს. მიზეზი ისაა, რომ მუნიციპალიტეტში ადგილზე რეანომიბილი არ ჰყავთ. როგორც გავარკვიეთ ის წალკაში მცხოვრებლებს 2019 წლიდან 2021 მაისამდე ემსახურებოდა.

წალკის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ირაკლი ჩხიკვიშვილი გვეუბნება, რომ პოზიციაზე მისი დანიშვნისთვის სამედიცინო დაწესებულებას რეანომობილი უკვე აღარ ემსახურებოდა. 

ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, დღეს წალკაში საჭიროების შემთხვევაში, რეანომობილს თბილისიდან იძახებენ. 

ირაკლი ჩხიკვიშვილი გვეუბნება: “ეს, რა თქმა უნდა, ცუდია და კარგი იქნებოდა წალკასაც ჰყოლოდა საკუთარი რენომობილი.” მისივე თქმით, ტრანსპორტის შეძენა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ჩვენ სამედიცინო დაწესებულების დირექტორს ვკითხეთ, რამდენჯერ დასჭირდათ გასულ წელს დედაქალაქიდან რეანომობილის გამოძახება? ირაკლი ჩხიკვიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა დაახლოებით 150-180-ჯერ დაფიქსირდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონს ორი რეანომობილი ემსახურება, რომელიც ბოლნისში და გარდაბანშია. რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამო არ ჰყავთ წალკაში რეანომობილი გვეუბნებიან, რომ ამის გასაგებად ოფიციალურად უნდა მივწეროთ. 

წალკიდან გარდაბნამდე მანძილი 120 კილომეტრზე მეტია, ხოლო წალკიდან ბოლნისამდე მანძილი კი 90 კილომეტრამდეა.

აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა რეანომობილის შესაძენად და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ საკითხი? წალკის მერიაში გვპასუხობენ რომ ეს საკითხი არ ეხებათ.

ადგილობრივ ბიუჯეტში 2022 წლისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუხლში  500 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. 

წალკის მუნიციპალიტეტი არ არის ერთადერთი, სადაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რეანომობილი არ ჰყავს. ჩვენ გავარკვიეთ, რომ აღნიშნული მომსახურება არ არის ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. ანუ სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი რეანომობილი ემსახურება, რომელიც ახალციხეშია. 

ახალციხიდან ნინოწმინდამდე მანძილი თითქმის 90 კილომეტრია.