117 TSERETELI AVENUE, TBILISI GEORGIA

12+

კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, მოსახლეობის 41% აიცრებოდა — NDI

საქართველოში NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 41 % ამბობს რომ, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდა. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41 პროცენტი უარს იტყოდა ვაქცინაციაზე, 17 პროცენტი კი ამბობს, რომ «არ იცის».

კორონავირუსზე აცრის მზაობა მეტია სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში. გრაფიკის მიხედვით, სოფელში ეს რიცხვი 42% -ს უტოლდება, თბილისში კი 39%-ს. 

NDI-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში 5%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არსებობის შემთხვევაში, არ გაიკეთებდნენ კორონავირუსის ვაქცინას.

კვლევა ​ NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით «CRRC საქართველომ» ჩაატარა. NDI-ის ინფორმაციით, სატელეფონო ინტერვიუსთვის რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.