სამცხე-ჯავახეთში მელიორაციის პრობლემა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სოფლების ნაწილში არც სარწყავი არხებია და არც საირიგაციო სისტემაა მოწესრიგებული. პრობლემას იცნობენ როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე.
სარწყავი და საირიგაციო სისტემები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამცხის დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა ისაუბრა.
რა თანხასთან და დროსთან არის დაკავშირებული პრობლემის მოგვარება? კითხვით ჩვენ დეპუტატს მივმართეთ. ობოლაშვილი გვპასუხობს, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრობლემას ადგილზე გაეცნობიან.
“ჩვენ ახლა ველოდებით სამელიორაციო საკითხების ხელმძღვანელს ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ. მას შემდეგ დავგეგმავთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და რა პერიოდი დასჭირდება ამ საკითხის გადაწყვეტას. ზოგ სოფელში სარწყავი არხები გაყვანილი არ არის და ვერც მოსახლეობა რწყავს საკუთარ მიწებს,” – გვეუბნება ობოლაშვილი.
მისივე თქმით, მელიორაცია (მას შემდეგ რაც შესაძლებელი იქნება) სტანდარტულად 1 ჰექტარი 75 ლარი ეღირება.
“გლეხი უმიწოდ და მიწა უწყლოდ ეს არაფერს არ ნიშნავს…”- ასე გამოეხმაურა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ მაგლაქველიძე აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
“სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა ნამდვილად მოსაგვარებელია. ჩვენს მუნიციპალიტეტში ასე თუ ისე ახერხებენ ფერმერები მიწების მორწყვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან კარგი მოსავლისთვის მორწყვა აუცილებელია. ჩვენ დაწყებული გვაქვს ზოგ სოფელში საირიგაციო სამუშაოები და კიდევ იგეგმება თუმცა კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით,” – გვითხრა მაგლაქველიძემ.
ასევე ჩვენ გვინდოდა დავკავშირებოდით ადიგენის და ახალციხის მერებს, რომლებიც აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. კომიტეტის სხდომა 15 აპრილს გაიმართა.
ფოტო: Droa.ge