ვულკანიზაციაში დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა – კლინიკა

March 7, 2025

ახალციხეში, ვულკანიზაციაში დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, – ინფორმაციას ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი, გუჯა გუჯაძე გვიდასტურებს. 

“ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა,” – გვეუბნება დირექტორი. 

შემთხვევა გუშინ, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პირი საბურავს ცვლიდა, რა დროსაც იგი გასკდა, ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა.

მათივე ინფორმაციით, პირი კლინიკაში გადაყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის თქმით, გუშინვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. 

“უტარდება ნეიროქირურგიული ოპერაცია,” – კლინიკის დირექტორი, ვულკანიზაციაში დაშავებულ მამაკაცზე

დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით? – შსს-სგან ინფორმაციის მიღებას მეორე დღეა ველოდებით.