“ინტერპელაცია, წერილობითი/ზეპირი შეკითხვა რომელსაც მოყვა საკრებულოს სხდომის მოწვევა საკრებულოს ბოლო ორი წლის განმავლობაში არც ერთხელ გამოუყენებია,” – ამის შესახებ ვკითხულობთ ახალციხის საკრებულოს მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციაში, რომელიც უწყებამ TOK TV-ს 3 აპრილს გამოუგზავნა.
ახალციხის საკრებულომ მუშაობის რეგლამენტი 2017 წლის 16 ნოემბერს დაამტკიცა. რეგლამენტის მიხედვით, 114-ე მუხლში მითითებულია კონტროლის ის ფორმები, რომლების გამოყენების უფლება და ვალდებულება აქვს საკრებულოს დეპუტატებს და რომელიც მუნიციპალური ორგანოს წარმომადგენლებს არ გამოუყენებიათ.
კერძოდ:
1. საკრებულოს წევრს შესაძლებლობა აქვს, დასვას შეკითხვა და ინტერპელაცია – რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი ან ზეპირი შეკითხვით მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ თანამდებობის პირს.
შეკითხვის წესით შესაბამის თანამდებობის პირთაგან მოითხოვება ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.
ზეპირი შეკითხვა დაიშვება მხოლოდ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს.
როგორც პირველ აბზაცში წაიკითხეთ, ეს მექანიზმი ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატებს არ გამოუყენებია.
2. შემდეგი ფორმაა ინფორმაციის გამოთხოვა – ახალციხის საკრებულოს მიერ მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, არც ეს მექანიზმი გამოყენებულა. თუმცა, ენმ-ს დეპუტატმა, ნატო დარბაიძემ 28 მარტს გაუგზავნა წერილი მერიას კითხვებით, თუ რა რატომ გაჭიანურდა ახალციხეში, რაბათის დასახლებაში არსებული მიმიდის რეაბილიტაცია ( იხილეთ სიუჟეტი )
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 29 მარტს, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, გამოიყენა შეკითხვის დასმის მექანიზმიც.
როგორც ნატო დარბაიძე გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ წერილის გაგზავნიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
3. ანგარიშის მოსმენა – რეგლამენტის, 133-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს წევრები, მათ შორის თანამდებობის პირები ვალდებულები არიან წელიწადში ერთხელ, საჯაროდ ჩააბარონ ანგარიში მოსახლეობას.
ამავე რეგლამენტის მიხედვით, სავალდებულოს ანგარიშის წარდგენის დღე ადგილი და საათი ერთი კვირით ადრე დააანონსონ.
4. დამოუკიდებელი აუდიტი – რეგლამენტის მიხედვით, დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას დეპუტატების ⅓ მოითხოვს და ამავე რაოდენობის დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე მხარს დაუჭერს.
ამავე რეგლამენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტს ვალდებულება აქვს, აუდიტის დასკვნა გაასაჯაროოს. აუდიტის მოწვევა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ.
5. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე – აღნიშნულს რეგლამენტის 117-ე მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ბიუროს ან საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგში შეიტანოს მიღებული სამართლებრივი აქტების ნუსხა და მოისმინოს ინფორმაცია თუ როგორ ხდება მისი აღსრულება.
ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულოს ბიურო (საკრებულო) ახდენს შესაბამის შეფასებას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკრებულოს დეპუტატები იყენებდნენ ზემოთ ხსენებულ მექანიზმებს და როგორია პრაქტიკა? – კითხვა ჩვენ დემოკრატიის ინდექსის ხელმძღვანელს, ეკა ციმაკურიძეს დავუსვით.
“ყველას გვსმენია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი პრობლემების შესახებ: კონკრეტულ დასახლებაში დაანგრიეს ძველი საბავშვო ბაღი და რამდენიმე წელია ვერ მოხერხდა ახალი ბაღის აშენება; რამდენიმე კვირის განმავლობაში კონკრეტულ დასახლებას არ მიეწოდება წყალი გარკვეული დაზიანების გამო; სადღაც კომპანიამ, რომელსაც გზა უნდა აეშენებინა, ვერ შეასრულა სამუშაო, მერიამ კომპანია დააჯარიმა, კონტრაქტი შეუწყვიტა და ტენდერი თავიდან გამოაცხადა; მრავალი სხვა გაჭიანურებული თუ ვერ შესრულებული პროექტი. ყველა ეს შემთხვევა წარმოშობს საკრებულოს პირდაპირ ვალდებულებას, როგორც წერილობით, ისე სხდომაზე მერის და მერიის სხვა თანამდებობის პირების დაბარების გზით გამოიკვლიოს რა მიზეზებია პროექტების ვერშესრულების, ვისი პასუხისმგებლობა დგება. ასეთი ანგარიშის ჩაბარების და პროექტების შეუსრულებლობის მიზეზების განხილვა საკრებულოს ყველა სხდომაზე უნდა იყოს დღის წესრიგით გათვალისწინებული და ეს უნდა იყოს საკრებულოს რუტინა. მხოლოდ ასე იქნება ეფექტური მერიების მუშაობა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებები დაკმაყოფილებული,” – გვეუბნება ეკა ციმაკურიძე.
რამდენად არის ახალციხის საკრებულო ახალციხეში, რაბათის დასახლებაში არსებული მილხიდის რეაბილიტაციის გაჭიანურებულ პროცესში ჩართული? – ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი: