“უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” გაუქმების მოთხოვნით, საიამ, “სტუდია მონიტორმა” და “საქართველოს ამბებმა” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს, – ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ქართული ოცნების” FARA ქმნის რეალურ საფრთხეს გამოყენებული იყოს დამოუკიდებელი ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გასაჩუმებლად და დასასჯელად. “ამას ადასტურებს ის ფართო ინტერპრეტაციებიც, რომლებიც ამ კანონთან მიმართებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა გააკეთა.”
სარჩელში დასაბუთებულია, რომ “ბუნდოვანი ნომრების პარალელურად კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს.”
“ქართულმა ოცნებამ” “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” 1-ელ აპრილს მიიღო, რომელიც 31 მაისს ამოქმედდება.
მიუხედავად იმისა, რომ აქტი ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამერიკული ანალოგისგან განსხვავებით, იგი მიზანში დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს და მედიებს იღებს.