“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოსაგზავნად საჩივრით მიმართვა დასჭირდა.
უწყებამ ჩვენს წერილს 39 დღის შემდეგ უპასუხა ,თუმცა კითხვებს – არა. არადა 12 აპრილს გაგზავნილ წერილში მოყვანილი კითხვები ეხებოდა ორი არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის საკითხს და სააგენტოს მიერ მსხვერპლების მიმართ გამოვლენილ ზრუნვას.
რადგან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ შეკითხვებზე არ გვიპასუხა, ჩვენთვის კვლავაც უცნობია თუ რა მიზეზით არ დაენიშნათ შესაძლო ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგი და ისიც, ახლა იღებენ თუ არა ამ მომსახურებას.
ბოლო ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანებზე შესაძლო სექსუალური ძალადობიდან თითქმის 1 თვის თავზე, ბავშვებს ფსიქოლოგი არ ჰყავდათ. დღეს ინფორმაციის გადამოწმება ერთ-ერთის დედასთან ვცადეთ, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
როდესაც სახელმწიფო არ ზრუნავს, ვინ იცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს
რა მოხდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჩვენ რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ 11 აპრილს მოგვაწოდა. მომხდარი დაგვიდასტურა ერთ-ერთის დედამ და საკუთრივ ძალადობის მსხვერპლმა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ საზოგადოების შეფასებების გამო, ამბის გახმაურება არ სურდათ.
სავარაუდო მოძალადე, ბავშვების მეზობელი კაცი დაკავებულია, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო
საკითხის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს არაერთხელ დავუკავშირდით, გავუგზავნეთ საჯარო ინფორმაციაც, თუმცა – უშედეგოდ.
მას შემდეგ, რაც მათგან კანონით მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, ჩვენ IDFI-ს მხარდაჭერით, უწყებას საჩივრით 15 მაისს მივმართეთ.
დაფარული საჯარო ინფორმაცია – TOK2REGIONS-მა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საჩივრით მიმართა
საჩივრიდან თითქმის ერთ კვირაში კი უწყებამ წერილზე გვიპასუხა, თუმცა როგორც უკვე გითხარით, კითხვებს – არა.
მათი წერილის საფუძველზე მხოლოდ ის ირკვევა, რომ “სააგენტო ჩართულია საქმეში.”
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეული ჩართულია თქვენს მიერ მითითებულ საქმეში და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის რეაგირებას.”
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც, “გამჭვირვალობის” მოტივით მიღებული არაერთი რეპრესიული კანონის მხარდამჭერები, კანონით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციას არ გვიგზავნიან, ან აგზავნიან თუმცა არასრულად.
მეორე წელია, რაც ახალციხის მერია გვიმალავს თუ რამდენმა თანამშრომელმა აიღო შვებულება გასული წლის 29 აპრილს, “ქართული ოცნების” ღონისძიებაზე წასასვლელად და რამდენად მიაქირავა მუნიციპალიტეტმა, ახლად ნაყიდი ტრანსპორტი პარტიას, რათა მოსახლეობა თბილისში პარტიულ ღონისძიებაზე გადაეყვანათ.
მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა, მერია ინფორმაციას მაინც არ გვაწვდის.
გარდა ამისა, უკვე რამდენიმე თვეა ხელმისაწვდომი აღარ არის საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების ყოველწლიური დეკლარაციები.