საქართველოს მთავრობა სარესტორნო ბიზნესის სესხის და ლიზინგის სუბსიდირებას იწყებს – ამის შესახებ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, სსიპ “აწარმოე საქართველოში” რესტორნებისგან განაცხადების მიღებას ხვალ დაიწყებს.
“ჩვენ კარგად გვესმის, რომ პანდემიიდან გამომდინარე სარესტორნო ბიზნესი არის მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად გვინდა, რომ შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი. ამ პროგრამით საბანკო პროცენტი 6 თვის განმავლობაში დაეფარებათ და მას ვერ იგრძნობენ კომპანიები. ეს იყო რესტორნების ასოციაციის ერთ-ერთი მოთხოვნაც” – თქვა მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, რესტორნების სესხის სუბსიდირება მთავრობას, დაახლოებით, 30 მლნ ლარი დაუჯდება.
საქართველოში მოქმედი ახალი შეზღუდვების მიხედვით, სარესტორნო ბიზნესი ქვეყანაში თითქმის გაჩერებულია. მათ მხოლოდ მიტანის სერვისით მუშაობა შეუძლიათ. რესტორნების ასოციაცია, მთავრობას ასევე სთხოვდა თანამშრომლების ხელფასების 50 პროცენტის დაფინანსებას, რადგან, მათივე თქმით, კომპანიებს თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება მოუხდათ და ისინი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი.