6 თვის ვადით გაგრძელდება ბიზნესის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პაკეტი, რაც ითვალისწინებს, რომ 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასზე კი პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია.
გიორგი გახარიას თქმით, ბიზნესისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დახმარება იყო და პაკეტი 33 ათასი კომპანიას და 425 ათას ადამიანს შეეხო. მისივე ინფორმაციით, პროგრამამ 260 მლნ ლარი მოიცვა. ასევე, ტურიზმის სექტორს ქონების გადასახადი და 4 თვით გადავადებული საშემოსავლო გადასახადი გაუუქმდება – ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტის წარდგენისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის 2021 წლის განმავლობაში ქონების გადასახადი იქნება გაუქმებული. ისინი გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის სექტორს ჩამოეწერება ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც პანდემიის დასაწყისში 4 თვით გადავადდა“ – ამბობს გიორგი გახარია.
დახმარების პაკეტი ეხება სარესტორნო ბიზნესსაც. პრემიერის თქმით, მათთვის ამოქმედდება პროგრამა, რაც ითვალისწინებს სასესხო ვალდებულებების პროცენტის სუბსიდირებას. „მოგეხსენებათ, რომ დღეს რესტორანის ბიზნესით უკიდურესად დაზარალებულია“ – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, მეოთხე ტალღის დახმარების პორტფელი (მიზნობრივი, სოციალური და ბიზნესის) მილიარდ 100 მილიონი ლარი. “ეს არის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია დღეს” – ამბობს გიორგი გახარია.