პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.
”ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად“ – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 420 მილიონია გამოყოფილი, აქედან, 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი 1 140 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიის, ამ ბიუჯეტის ირგვლივ“ – ამბობს პრემიერ-მინისტრი.
დღეის მონაცემებით, ოპოზიციური პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი არ გამართულა. ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ხელისუფლება კი ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
ექსპერტების შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი ზედმეტად ოპტიმისტურად და არარეალისტურად არის დაგეგმილი. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს ქამრების შემოჭერის პოლიტიკას, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები კიდევ უფრო გაზრდილია. ეკონომიკური კრიზისის და დაწესებული შეზღუდვების პირობებში ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ გაანგარიშებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა არარეალისტური იქნება. ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლად ბიუჯეტის წინა პროექტში 5% იყო ჩადებული რედაქტირებული საბოლოო ვერსია კი – 4,3%-იან ზრდაზეა გათვლილი.