რაზე იმსჯელეს, რა გადაწყვიტეს და რა ბედი ელის ახალციხის მეორე საჯარო სკოლას? – გუშინ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ხმალაძეს დავუკავშირიდით.
მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა და მოგვწერა, რომ საკითხი მუნიციპალური განვითარების ფონდში უნდა მოგვეკითხა.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ხმალაძე ჩვენს შეტყობინებებს პასუხობს.
დავუკავშირდით ფონდსაც, კითხვით თუ რატომ გახდა საჯარო სკოლის მდგრადობის შესასწავლად დამატებითი ექსპერტიზა საჭირო და რა კონკრეტული გეგმა არსებობს შენობის რეაბილიტაციისთვის – თუმცა აქ გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ.
გუშინ, შეხვედრიდან გამოსული მშობლების ნაწილმა გვითხრა, რომ იგეგმება სკოლის მდგრადობის კიდევ ერთხელ შესწავლა, რის შემდეგაც შენობას ან რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ან დაანგრევენ და ახალს ააშენებენ.
მშობლებისვე თქმით, შეხვედრაზე ასევე უთხრეს, რომ პროცესი კიდევ ორი წელი გაგრძელდება.
რა ბედი ელის სკოლას? – ნახეთ: სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი