21 მარტის მონაცემებით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში 42 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაცია tok tv-ს ფილტვის ცენტრის დირექტორმა, რევაზ ჟღენტმა მიაწოდა.
„ამ დროისთვის 42 ადამიანია კარანტინში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არანაირი სახის ჩივილები არ აღენიშნებათ,“ – განმარტავს ჟღენტი.
მისივე თქმით, კარანტინში გუშინ ორი ადამიანი გადმოიყვანეს.
ამ დრომდე აბასთუმანში კარანტინში სულ 78 ადამიანი იმყოფებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ საავადმყოფო დატოვა.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინო სივრცედ 26 თებერვალს მოაწყეს.
21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონა ვირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 1 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 1 966 მოქალაქეა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 ადამიანი.