აბასთუმანში შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები. რამდენად იყო თავად სამშენებლო სამუშაოებისთვის ჩატარებული კონკურსი მკვლელობის მოტივი? საგამოძიებო უწყება დუმს.
მოკლულია კომპანია შპს “დევუდის” დირექტორი, რომელიც გზის მშენებარე კომპანია შპს “ჯეუ გრუპის” ქვეკონტრაქტორი იყო და ხის გაჩეხვით და გზის მშენებლობით სამუშაოებს ახორციელებდა. თავდასხმა სამშენებლო ობიექტზე მოხდა, სადაც დაღუპული სავარაუდოდ სამუშაოების მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა.
ამავე სამუშაოებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო, თუმცა დამარცხდა კომპანია “დბ ლიდერ გრუპი”.სწორედ დამარცხებული კომპანიის მფლობელს დებს თავდასხმაში ბრალს მოკლულის ბიზნესპარტნიორი და გამარჯვებული კომპანიის თანამესაკუთრე.
მოკლული დავით მელიქიძე კომპანია “დევუდის” დამფუძნებელია. ამავე კომპანიის 70 %-იანი წილის მფლობელის, ლეა დედიაშვილის თქმით, კონფლიქტი ორ კომპანიას – გამარჯვებულ შპს “დევუდსა” და დამარცხებულ – შპს “დბ ლიდერ გრუპს” შორის , სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც აბასთუმნის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შპს ,,დევუდი” შეირჩა.
გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს ,,დევუდმა” სამუშაოებისთვის კონკურენტი კომპანიის შპს “დბ ლიდერ გრუპის” თანამშრომლები დაიქირავა, 1 500 კუბური მეტი ტყის გაჩეხვის მიზნით. სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ისინი სხვა მუშებით ჩაანაცვლეს და კონტრაქტი არ გაუგრძელეს. დედიაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ დაიწყო თავდასხმები და ფიზიკური ძალადობა ახალი მუშების და გამარჯვებული კომპანია ,,დევუდის” წარმომადგენლების მიმართ.
ლეა დედიაშვილი ასევე გვეუბნება, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენს, მფარველობს ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანი და სწორედ ამ კავშირების გამო არ ხდებოდა რეაგირება მკვლელობამდე სხვადასხვა ტიპის მუქარასა თუ ზეწოლაზე.
ჩვენი რედაქცია აღნიშნულ სამართალდამცველსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კითხვების დასმამდე პიართან გადაგვამისამართა.
რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში სტანდარტული პასუხი აქვთ, “სიახლის შემთხვევაში მე თავად დაგიკავშირდებით”. ამ დრომდე ოფიციალურად არ არის გაცხადებული თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობა. შსს-ში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შპს ჯეუ გრუპი
აბასთუმანში შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი, გასული წლის 13 მარტს 5 032 960 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომპანიამ, რომელთაგან გაიმარჯვა შპს “ჯეუ გრუპმა”.
მოკლედ კომპანიის შესახებ: კომპანიის მესაკუთრეები (50-50%-იანი წილის მფლობელები) არიან ნინო კიკაბიძე და გიორგი მარკოიშვილი. ორივე მათგანი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველები არიან. 2017 წელს თითოეულმა მათგანმა პარტიას 25 000-25 000 ლარი შესწირა.
შპს „ჯეუ გრუპთან“ ხელშეკრულება 6 ივლისს გაფორმდა და სამუშაოები დაიწყო.
“ლიდერ გრუპი” და “დევუდი”
რაც შეეხება შპს-ებს “ლიდერ გრუპს” და “დევუდს”, პირველი კომპანია საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით, 2021 წლის 19 იანვარს დაფუძნდა. მისი დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი დავით ბაღდოშვილია. ის ინდ. მეწარმედ 2006 წლიდან არის რეგისტრირებული.
კომპანიის სახელზე არ ფიქსირდება რაიმე სახის შესყიდვა.
შესყიდვები არ უფიქსირდება არც შპს “დევუდს”. იგი გასული წლის 24 აგვისტოს არის დაფუძნებული. წილის 100 %-ს გარდაცვლილი დავით მელიქიძე ფლობდა, თუმცა 2021 წლის 20 აპრილს კომპანიაში 70 %-იანი წილი ლეა დედიაშვილმა გადაიბარა.
რა პრინციპით და საშუალებით შეირჩა ქვეკონტრაქტორი კომპანია?
კითხვით ჩვენ კომპანია “ჯეუ გრუპში” დავრეკეთ. კომპანიის სტრატეგიული განვითარების განყოფილების უფროსი, გიორგი თავართქილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ტენდერი არ გამოცხადებულა და კომპანია შიდა მონიტორინგით და ფასების შემოთავაზებების მიხედვით შეარჩიეს.
რაც შეეხება დოკუმენტაციას და მსგავს დეტალებს კომპანიაში გვეუბნებიან, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება მათგან ვერც დოკუმენტებს გამოვითხოვთ და არც სხვა კომენტარს გააკეთებენ.
ჩვენი რედაქცია ცდილობს დაუკავშირდეს შპს “დბ ლიდერ გრუპის” დირექტორს, დავით ბაღდოშვილსაც. თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი ტელეფონის ნომერი გამორთულია.
თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ და Facebook გვერდს.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს აბასთუმანში მომხდარი დაპირისპირების შედეგად მოკლულია 1 ადამიანი, ერთი კი დაიჭრა.
ამავე თემაზე: სროლა აბასთუმანში — გარდაცვლილია 1 ადამიანი ერთი კი დაჭრილი