ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის ფილტვის ცენტრში გადაყვანილ მოქალაქეებს კორონა ვირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ. ამის შესახებ TOK TV-ს კლინიკის დირექტორი რევაზ ჟღენტი ესაუბრა.
„მოქალაქეებს სანამ გადმოიყვანდნენ ჩაუტარდათ სრული გამოკვლევა, ისინი აქ განთავსდნენ საიზოლაციო სივრცეებში. დღეისათვის არცერთ მათგანს არ აქვს დადგენილი ვირუსი და არც რაიმე სახის სიმპტომები აღენიშნებათ. არანაირი პანიკის და შიშის საფუძველი არ აქვთ ადგილობრივებს. მოქალაქეები ამ მომენტისთვის აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან.“ – ამბობს ჟღენტი.
ისინი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოქალაქეები გუშინ, 26 თებერვალს გადაიყვანეს. მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში.
საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეა. მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ბრუნდებოდა.