ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მერებს და ახალციხის საკრებულოს თავმჯდოამრეს, 46 სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად 2022-23 წლის დეკლარაციები ხარვეზებით აქვთ შევსებული, – ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს დეკლარაციაში არ უწერია, რომ მისი მეუღლე 2009 წლიდან მეწარმედაა რეგისტრირებული.
ასპინძის მერს,როსტომ მაგრაქველიძეს, დეკლარაციაში კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორობის აღნიშვნა გამორჩა.
ბორჯომის მერს, ოთარ არბოლაშვილს კი – დეკლარაციის შევსებისას მისი მეუღლის ინდმეწარმეობა არ აქვს მითითებული.
რაც შეეხება ახალციხის საკრებულოს თავმჯდოამრეს, დავით ლომიძეს – კვლევის მიხედვით, მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ შვილი, შპს „მიგიტომის“ 25% წილის მფლობელია.
რატომ არ შეავსეს დეკლარაციები სრულად თანამდებობის პირებმა, – ჩვენ მათთან დაკავშირებას ვცდილობთ – მასალა შესაბამისად განახლდება.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, მათ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ორგანოების 202 წარმომადგენლის დეკლარაციები შეისწავლეს, რომელთაგან დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა 50-ში დაფიქსირდა, ხოლო ტანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა გამოვლინდა.
ამავე წყაროს ცნობით, ყველაზე მეტმა, 12-მა პირმა დეკლარაციები დარღვევით ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსეს.