ადიგენის მუნიციპალიტეტის, 53 სოფლის მოსახლეობის წყალმომარაგება ფუნქციურად ევალება იმ ა(აიპ-ს, რომელსაც საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია არ აქვს, – ამის შესახებ საუბარია “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის” დასკვნაში.
დასკვნა აუდიტმა 2 თებერვალს გამოაქვეყნა და მოიცავს მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების სამუშაოების შეფასებას.
როგორც “აუდიტი” წერს, საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის რათა ლიცენზია მიეღოთ.
აუდიტის მიხედვით, იმ 53 სოფელში მცხოვრებ 2 500-ზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ (სულ სოფლებში 5 700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს), ზაფხულის პერიოდში კი მოსახლეობის უმრავლესობა განიცდის წყლის დეფიციტს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, არ ხდება წყლის ლაბორატორიული კვლევა, მეტიც, ა(ა)იპ-ს ამისთვსი საჭირო აღჭურვილობაც კი არ აქვს.
“ა(ა)იპ-ს არ გააჩნია მიკრობიოლოგიური და ქიმიური გამოკვლევებისათვის საჭირო ლაბორატორია, საფილტრი მოწყობილობები და სხვა საჭირო ტექნიკა; სათავე ნაგებობები/რეზერვუარები, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება, არ არის აღჭურვილი წყლის გამწმენდი საშუალებებით,” – ნათქვამია დასკვნაში.
რატომ არ მიმართა ადიგენის მერიამ კომისიას ლიცენზიისთვის, რატომ არ ხდება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა და რა პასუხი აქვს უწყებას აუდიტის დასკვნაზე? – ადიგენის მერიიდან პასუხის მიღებას ველოდებით. მასალაც შესაბამისად განახლდება.
აუდიტი ასკვნის:
მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები:
- სასმელი წყლის მიწოდებას ახორციელებს არალიცენზირებული პირი,
- მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი მიეწოდება შეფერხებით,
- მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება.