ადიგენის სოფლების კახარეთის და ვარხნის, ახალციხის სოფლის წყრუთის საჯარო სკოლები ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება, რის გამოც სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სკოლების დირექტორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრი გვიდასტურებს.
ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ განათლების სამინისტროსგან მიიღეს მითითება კახარეთის და ვარხნის სკოლების დაცლაზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიება, რათა სასწავლო პროცესი აუდიტორიაში გაგრძელდეს. მანამდე ბავშვები დისტანციურ რეჯიმში აგრძელებენ სწავლებას.
მერისვე თქმით, სკოლის დემონტაჟი, აშენება და აღჭურვა სრულად სახელმწიფოს ვალდებულებაა, თანხაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის ავარიულ საჯარო სკოლას, ახალციხის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში 2019 წელს შენობას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 31 ათას ლარზე მეტი გამოიყო. დირექტორი გვეუბნება, რომ მაშინ სკოლის რამდენიმე ოთახი გარემონტდა.
როდის გამოცხადდება აღნიშნული სკოლების დემონტაჟის და აშენებისთვის ტენდერები და რა თანხა დაიხარჯება? განათლების სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით, რის შემდეგაც მასალა განახლდება.
საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორების თქმით, სოფელ ვარხნის საჯარო სკოლაში12 კლასი ფუნქციონირებს, სადაც 116 მოსწავლე სწავლობს. კახარეთში 9 კლასი და 60 მოსწავლეა.
რაც შეეხება წყრუთის საჯარო სკოლას, დირექტორის თქმით, 12 კლასიან სკოლაში 215 მოსწავლე ჰყავთ.