ქართული ენა ლიმიტით –როგორ ისწავლება ქართული სკოლიდან უნივერსიტეტამდე #წალკა

October 1, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი

წალკის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული 4 სოფელია: არჯევან-სარვანი, ჩოლმანი, გოდაკლარი და თეჯისი.

წალკის რესურცენტრის ინფორმაციით, სკოლა მხოლოდ არჯევან-სარვანში და თეჯისში ფუნქციონირებს. არეჯვან-სარვანში 12 წლიანი სწავლებაა, თეჯისში-მხოლოდ 9 წლიანი.

ჩოლმანში სკოლა 2005 წლამდე არსებობდა, თუმცა, რადგან მხოლოდ  პირველი, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები დარჩნენ, 2005 წელს ის არჯევან-სარვანის სკოლასთან შეერთდა.   

სასწავლო დაწესებულების გარეშეა სოფელი გოდაკლარი. აქ მხოლოდ  4 ოჯახი ცხოვრობს და სასკოლო ასაკის ბავშვი არცერთშია.

იმის გასარკვევად, რა დრო ეთმობა აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლებას, სოფელ არჯევან-სარვანის სკოლის დირექტორს დავუკავშირდით.  

სკოლის დირექტორი კოტე ხორგუანი გვეუბნება, რომ სკოლაში  10 წელზე მეტია ქართული ენის სწავლას კვირაში 65 საათი ეთმობა და სულ ქართულის 5 მასწავლებელი ჰყავთ.  მაგალითად, მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ქართულის შესწავლისთვის დღეში 1 საათა გამოყოფილი. ისევე , როგორც სოფელ თეჯისის სკოლაში.

კითხვაზე თუ, რამდენად დამაკმაყოფილებელია სკოლაში ქართულის სწავლება, დირექტორი განმარტავს, რომ  ამ სკოლის ნებისმიერი მე-7  კლასელი მოსწავლე ქართულ ენაზე უკვე  საუბრობს.

როგორ აისახება სასკოლო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დონე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მაჩვენებელზე ? 

არჯევან-სარვანის სკოლიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მხოლოდ 11-მა შეძლო, ინფორმაციას დირექტორი გვაწვდის. მისი თქმით, წელს სკოლა 2-მა მოსწავლემ დაამთარა და უნივერსიტეტში ჩაბარება არცერთმა ისურვა.

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლებაზე ჩვენთან ანონიმურად საუბრობს ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა 1 წლის წინ დაამთავრა. ის ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლები მათთვის  ქართული ენის სწავლას  კვირაში 5 გაკვეთილს  უთმობდნენ.  

რამდენად საკმარისია არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად გამოყოფილი საათები და რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ  სწავლება ეფექტიანი იყოს, – საკითხებზე განათლების სფეროს სპეციალისტი ნათია გორგაძე გვესაუბრა. 

Სასკოლო საფეხურზე ქართული ენის შესწავლისათვის გამოყოფილი დრო არასაკმარისად მიაჩნია “საქართველოს განათლების ლიგის” თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილს. ის განმარტავს, რომ ქართული ენის სრულყოფილად შესასწავლად ეთნიკურად არაქართველმა მოსწავლეებმა ყველა საგანი ქართულად უნდა ისწავლონ.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე  თვლის, რომ  ქართული ენის სწავლების ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული იმ გარემოზე,  რომელშიც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. 

ქართული ენის არცოდნით გამოწვეული ინტეგრაციის პრობლემების და უმაღლეს სასწავლებელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით 2010 წელს სახელმწიფო პროგრამა 4+1 ამოქმედდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფოს მინისტრის აპარატის  ვებგვრდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

პროგრამაში მოსახვედრად და დაფინასნების მისაღებად უნარების სომხური ან აზერბაიჯანულენოვანი ტესტის ჩაბარებაა საჭირო. 

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით , წელს აღნიშნულ  პროგრამაზე 1386 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათგან 201-მა სრული დაფინანსება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ხუთი წელი ისინი უფასოდ ისწავლიან. დანარჩენებს კი ამავე პერიოდის განმავლობაში სასწავლებლის მიერ განსაზღვრული ტარიფის გადახდა მოუწევთ. 

 ტიგრან თარზიანი  ერთ-ერთია, ვინც  4+1პროგრამით უკვე ისარგებლა. ის ამბობს, ქართულის კარგად შესასწავლად ეს საკმარისი არ არის და დამატებითი მექანიზმებია საჭირო.

Ქართული ენის არასათანოდ ცოდნა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დაბრკოლებას არაერთი მიმართულებით უქმნის. მაგალითად, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშშის თანახმად, საჯარო სერვისებზე წვდომის პრობლემების ერთ–ერთი გამომწვევი ენობრივი ბარიერია. 

ასევე ენობრივი ბარიერია იმის მიზეზი, რომ  ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა, დისტანცირებულია ქართული საზოგადოებისგან,– ამის შესახებ ღია საზოგადოების ფონდის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული.  ასევე აღნიშნულია, რომ  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სრულყოფილად ვერ იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და თვით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყოფნას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უფრო ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს.