ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
ეს წალკის სოფელ ახალშენის ყოფილი საბავშვო ბაღია. აქ 10 წელზე მეტია ბავშვები არ დადიან. დღეს შენობა უფუნქციოა. ბაღის გარეშე დარჩენილ ბავშვებს და მათ მშობლებს უკვე წლებია კილომეტრების გავლა უწევთ, რადგან აღსაზრდელები ქალაქ წალკის ბაღში დაჰყავთ, საკუთარი ხარჯებით.
სოფელი ახალშენი ქალაქ წალკიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. აქ, 2002 წლის მონაცემებით, 152 ადამიანი ცხოვრობს.
ადგილობრივებს სურთ, რომ ბაღის ყოფილი შენობა გარემონტდეს ან ახალი აშენდეს.
სოფელში მერის წარმომადგენელმა შოთა მარკოიძემ გვითხრა, რომ ახალშენიდან წალკის საბავშვო ბაღში 9 აღსაზრდელი დადის. იგეგმება თუ არა სოფელში მათთვის ახალი სკოლამდელი დაწესებულების აშენება, ან ძველის განახლება მან არ იცის. კითხვაზე შემდეგი პასუხი გაგვცა მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა: “წელს არა. სამომავლოდ იგეგმება”.
რა ბედი ელის ყოფილი ბაღის შენობას, უწყების პასუხი ასეთია: “როცა აშენდება, მერე გადაწყდება”.
რატომ დაიხურა ახალშენში ბაღი წლების წინ, ოფიციალური მიზეზი უცნობია.
წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი 7 ადმინისტრაციულ ერთეულშია. ბავშვებს ბაღში სიარული მხოლოდ ქალაქ წალკაში, სოფლებში: სამება, საყდრიონი, კიზილქილისა, არწივანსა და კოხტაში შეუძლიათ.