წალკაში “ალტ-ინფოს” მიერ დაარსებული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საკუთრივ პარტიის გვერდზე გავრცელდა, სადაც ასევე ვკითხულობთ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ადგილობრივ ოფისს. ესენია: გირშელ ბუცხრიკიძე და მიხეილ ბერიძე.
წალკაში პარტიის ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ინფორმაცია, გასული კვირების განმავლობაში არაერთგზის გავრცელდა. საკითხის მიმართ ასევე არსებობდა მედიის ინტერესი, თუმცა “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლებთან არაერთგზის დაკავშირების მიუხედავად, მათ ოფისი მაინც მედიის გარეშე გახსნეს.
უფრო მეტიც, პარტიის წალკის ოფისის ხელმძღვანელი, ჩვენი რედაქციიდან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დასმულ შეკითხვებს კრიტიკულად შეხვდა, რაც სოციალურ ქსელში საჯაროდაც დააფიქსირა. გირშელ ბუცხრიკიძე ჩვენ რედაქციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილი „ალტ-ინფო” დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.
«ცოტა ჭკვიანად იყავი, თორემ TOK TV გვერდზე დაგრჩება» — ალტ-ინფოს პარტიის მუქარა ჟურნალისტს
ასევე, მაუწყებლობა არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.
გამოუძიებელი მუქარები «ალტ-ინფოს» პარტიის მხრიდან — დეპუტატები მინისტრს რეაგირებას სთხოვენ
ალტ-ინფოს პარტია ახალციხეში და ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებები