ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველმა კომპანიებმა 49 სახელმწიფო შესყიდვით, 2014-2022 წლებში 2,6 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, რომელთაგან 2 მილიონამდე დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ხაჩიკ მოსოიანი ჯერ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო შემდეგ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ამავე წყაროს ცნობით, მისმა კომპანიამ, შპს „ვემი“-მ 2014-2018 წლებში 23 სახელმწიფო შესყიდვით 1,3 მილიონზე მეტი ლარი მიიღო. აქედან, 1,2 მილიონამდე ახალქალაქის მერიიდან.
ხოლო, შპს „გოლდ 777“-მა 2019 წლიდან დღემდე, 26 შესყიდვით 1,3 მილიონზე მეტი ლარი მიიღო.
ჩვენ საკითხთან დაკავშირებით გვინდოდა დავკავშირებოდით საკუთრივ ხაჩიკ მოსოიანს და ახალქალაქის მერს, მელქონ მაკარიანს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. მათთან დაკავშირების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ვემისა“ და შპს „გოლდ 777-ის“ სახელმწიფო შესყიდვები ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან და გამოარკვიოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს,” – ნათქვამია განცხადებაში.