ამაღლების ტაძარი წალკაში, სადაც საერო და სასულიერო ტრადიციები გაცოცხლდა

June 19, 2024

ამაღლების ტაძარი წალკაში, სოფელ რეხაში, რომელსაც ადგილობრივები ,,მაღლისას“ ტაძარს ეძახდნენ და საღმრთო ლიტურგია საუკუნეების მანძილზე არ ჩატარებულა, ამაღლებაზე მომლოცველებით იყო სავსე.

სადღესასწაულო წირვა მამა გრიგოლმა ჩაატარა.

დღესასწაულის შემდეგ, ტაძრის ეზოში რეხელებმა, ადგილობრივი ეთნო კულტურა წარმოაჩინეს და ტრადიციული კერძები მოამზადეს.

საერო და სასულიერო დღესასწაულზე რეხელებმა მივიწყებული და დროში ჩაკარგული ტრადიციები, TOK TV -ის ობიექტივში გააცოცხლეს.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი რეხა მდიდარი წარსულით, უძველესი ეკლესია მონასტრებით, სამკურნალო მცენარეებითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა.


ტაძარი, წარმართული სალოცავის ადგილას დგას და ადგილობრივი ქვით აგებული ,,მაღლისა“ საუკუნეებს ითვლის.

წლების მანძილზე, მიტოვებული ტაძრის კედლები ხავსმა დაფარა და ზუსტი თარიღი უცნობია.

ტაძარს კიდევ ერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება, რეხელები ამბობენ, რომ ამ ადგილას, სადაც ახლა ტაძარია წმინდა მამა, აბიბოს ნეკრესელი აწამეს.

მამა გრიგოლ გურგენიძე : ამაღლების ტაძრის მოძღვარი:

,,აქ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა, ისტორიული ცნობები ადასტურებს, რომ არსებობდა უძველესი ასომთავრული და ღვთისმშობლის ბარელიეფი. კედლები კირით არის დამუშავებული და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ვფიქრობთ რომ ნაკვალევს ვნახავთ.

ეს უძველესი ადგილია. ამ მიდამოებში ეწამა აბიბოს ნეკრესელი. ასურელ მამათაგან ერთ-ერთი გამორჩეული წმინდა მამა. “

წალკის რაიონის ერთადერთ ქართულ სოფელს საინტერესო ტრადიციებიც ჰქონია, რომელიც მართლმადიდებლურ დღესასწაულს ამაღლებას უკავშირდება.

გულიკო საბაძე იხსენებს რომ ამაღლების დღესასწაულს საერო ტრადიცია ჰქონდათ. ახალგაზრდები ,,პატარძლობანას“ ვთამაშობდით და მიდიოდა ცეკვა თამაში.

ამაღლებამდე, ახალგაზრდა გოგონები გავდიოდით ოდაში,ვრთავდით, ვალამაზებდით და იქ ვთამაშობდით ,,ოჯახობანას“ ვცეკვავდით ფერხულს. გვყავდა სიძე, პატარძალი, მზარეული. ყველას თავის როლი ჰქონდა. ვკრეფდით სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებს, ვაკეთებდით ჯვრებს და შემდეგ ოჯახებს ვურიგებდით, ისინიც გვასაჩუქრებდნენ კვერცხით, ტკბილეულით და გაჭირვებულებს ვეხმარებოდით. ამაღლების დღეს მადლიერების დღესაც ვეძახდით. “

ამაღლების ტაძარში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილობრივი კერძები მოამზადეს.

  • ამ დღეს რეხელები ტრადიციულ კერძს ხავიწს და ღოლოს ამზადებენ. სადღესასწაულო სუფრას ასევე რძის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები ამშვენებს. ადგილობრივები ახლაც მისდევენ და იცავენ ყველა ტრადიციას, არც ახლა ივიწყებენ გაჭირვებულებს და იმ დღეს მიღებულ რძეს გასცემენ.
  • ამ დღეს ყველა მორწმუნე ოჯახში, ადგილობრივი მცენარის ფესვით იღებებოდა კვერცხიც, მზადდებოდა და ახლაც ამზადებენ ყველის რამდენიმე სახეობას.

სოფელი რეხას ამაღლების სახელობის ტაძარის წინამძღვრის მამა გრიგოლის თქმით, ტაძრის  განახლებით მნიშვნელოვან ქრისტიანულ და საერო საქმეს ჩაეყარა საფუძველი.

მამა გრიგლი: ჩვენი მიზანია განვაახლოთ რაც მივიწყებულია. ასევე  ვფიქრობთ ისე მოვაწყოთ ინფრასტრუქტურა რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. დავანახოთ ყველას  რა სიმდიდრის პატრონები ვართ . ეს მხარე უნიკალურია  მდებარეობით, ეთნო კულტურით, ბიო მრავალფეროვნებით,სამკურნალო მცენარეებით და ტრადიციებით. ამ ყველაფრის განახლება და გამთლიანება გვსურს  სიძველესთან მიმართებით. ვფიქრობთ, ეს მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.  

მამა გრიგოლის თქმით, წალკელი ეპისკოპოსის გრიგოლი კაციას  მიერ დაარსდა რეხის მთავარანგელოზის  სახელობის ეკლესიის  სამრევლო, სადაც შევიდა ამ მიდამოებში არსებული ტაძრები, რომელიც 12 -ს მოიცავს. მომდევნო ოთხ თვეში ამ 12 – მდე უძველესი ეკლესიის განახლება იგეგმება. გარდა ამისა, დაგეგმილია ადგილობრივი ეთნო კულტურისა და ტრადიციების გაცნობაც.

სოფელ რეხას ტურისტები ნაკლებად სტუმრობენ, თუმცა აქ სანახავი ბევრია: ტაძარი, სადაც გადმოცემის თანახმად აბიბოს ნეკრესელი აწამეს, ნასოფლარები, უძველესი ეკლესია – მონასტრები, ბუნების მიერ შექმნილი შთამბეჭდავი კანიონები, სამკურნალო და სასარგებლო ველური მცენარეებით გადაშლილი მინდვრები, უძველესი სახლები, ულამაზესი ხედები. აქ , განსხვავებულ და უგემრიელეს კერძებსაც დააგემოვნებთ, რეხაში ბევრ საოცარ და საინტერესო ისტორიასაც მოისმენთ.

რეხელები ამბობენ რომ რეხა ,,მაღლისას“ დღესასწაულზე აგუგუნდა და მის გუგუნს მალე მთელი საქართველო გაიგებს.

ავტორი: ლამუნა ირემაშვილი; შორენა ლაბაძე

Tags: , , , , ,