ამბავი ახალციხის ქალაქ ვალეში დაზიანებული შიდა გზების შესახებ 

May 14, 2025

“მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;”
– ნახეთ, ამბავი ახალციხის ქალაქ ვალეში დაზიანებული შიდა გზების შესახებ.

https://youtu.be/lbKGB8InSCU

ტექსტი:

“გზა მიუძღვის საცალფეხო,
მიხვეული, მოხვეული;
მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს
მარჯვე თვალი, მტკიცე გული;”  

ეს ახალციხის ქალაქი ვალეა, ერთ-ერთი შიდა საუბნო ქუჩა. როგორც კადრებში ხედავთ საავტომობილო გზა დაზიანებულია. ორმოულების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ აქ გასასვლელად რთული გზის გავლა მოგიწევთ, მითუმეტეს წვიმის დროს. 

ამ გზით მანველიშვილის ქუჩაზე მოხვდებით. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ასფალტი ამ ქუჩაზე არასდროს ყოფილა. გზას მთელ სიგრძეზე აქაც გასდევს ორმულები. 

ამ გზით კი კაკაჩიშვილის ქუჩაზე მოხვდებით. აქაც იგივე მდგომარეობაა. ასფალტი არც ამ ქუჩაზე ყოფილა დაგებული. 

ვალეში მცხოვრებლები დაზიანებული და მოუწესრიგებელი შიდა და ცენტრალური გზების პრობლემის შესახებ წლებია საუბრობენ. როგორც ერთ-ერთი აქ მაცხოვრებელი, ჯაბა ნათენაძე გვეუბნება, საავტომობილო გზები დაზიანებულია იმ ქუჩებზეც კი, სადაც რამდენიმე წლის წინ ასფალტი დააგეს. 

ვალეში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ ბევრი წუხს, თუმცა ამ საკითხზე, მედიასთან საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობს.

რა გეგმა აქვს ახალციხის მერიას, აპირებს თუ არა და როდის საავტომობილო გზების მოწესრიგებას? – კითხვებით მუნიციპალურ ორგანოს დავუკავშირდით – მათგან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. 

რაც შეეხება ვალის საავტომობილო გზებს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ახალციხის მერიამ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე არსებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, სხვადასხვა დროს ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემწირველ კომპანიას, შპს “არალს” ხელშეკრულება, 2023 წელს, 1 200 000-მდე ლარზე გაუფორმა. 

ამავე კომპანიას, 2022 წელს ნახევარ მილიონზე მეტ ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება, ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული I და II მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 3 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. აქედან, ახალი გზების მშენებლობისთვის 2 მილიონზე მეტი, ხოლო – გზების მიმდინარე შეკეთებისთვის -წელს, 100 000-ზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული საავტომობილო გზების შესახებ ჩვენს რედაქციას არაერთი სიუჟეტი მოუმზადებია, მათ შორის ე.წ რაბათის ციხის, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელ გზაზე დღემდეა ორმო, რომელიც დროდადრო მცირე ნაგავშემკრების ფუნქციას ითავსებს