ამერიკამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა კიდევ 20 ქართველ მაღალჩინოსანს

December 13, 2024

ამერიკამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა კიდევ 20 ქართველ მაღალჩინოსანს, მათ, ვინც “საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის”,  – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა გაავრცელა. 

გავრცელებული განცხადების მიხედვით, ვიზის გაცემა იკრძალება იმ პირებზე, რომლებიც “პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.” 

ამავე წყაროს ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან “ქართული ოცნების” მინისტრები, პარლამენტის დეპუტატები, სამართალდამცავი და უსაფრთხოების წარმომადგენლები და კერძო პირები.  მათივე ინფორმაციით, გეგმავენ სავიზო შეზღუდვები დაუწესონ სხვა პირებსაც. 

ოფიციალური მონაცემებით, აშშ-მ ამ დროისთვის 100-ზე მეტი პირი და მათი ოჯახის წევრები დაასანქცირა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან “ქართულ ოცნებასთან”.

აქვე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 10 პირს, სანქციების გამო, ბალტიის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე, და კიდევ 18 პირი დაასანქცირა უკრაინამაც.