სად მიიღო თავის უმძიმესი დაზიანებები პატიმარმა? გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ახლობლებსა და ადვოკატს ამ კითხვაზე პასუხი ისევ არ აქვთ. კითხვაზე პასუხი გამოძიებას ჯერ არ გაუცია.
იუსტიციის სამინისტრომ დღეს გაავრცელა ვიდეო კადრები, რომელიც იოსებ გორგაძის ციხეში გადაადგილებას ასახავს. კადრები 21,22,23 იანვრის მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს და ჯამში 29.20 წუთს გრძელდება.
კითხვაზე პასუხი, თუ სად და როგორ მიიღო პატიმარმა სასიკვდილო დაზიანებები ისევ ბუნდოვანია. ადვოკატის თქმით, ერთი წაქცევით ადამიანი თავის უმძიმეს ტრავმას ვერ მიიღებდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გასაჯაროებულია მხოლოდ მნიშვნელოვანი კადრები და ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

,,არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ვასაჯაროებთ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს.”
უწყება ირწმუნება, რომ “ვიდეომასალა თარიღებისა და საათების მიხედვით თვალსაჩინოდ ასახავს იმ რეალობას, რომ ბრალდებულის მიმართ არანაირი ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.”
კადრებზე, წუთობრივად აღწერილია ის ქმედებები რაც გორგაძესთან არის დაკავშირებული.
მუხრან ღურწკაია, გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი გვეუბნება, რომ ,,ეს არ არის სრული კადრები, ეს ნაწილობრივი კადრებია, გამოაქვეყნონ სრული კადრები, მაგრამ ამ საქმეში არც ეს კადრებია გადამწყვეტი. ამ ადამიანს რომ აქვს თავის ყველა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები, ეს ხომ ,,ვივამედის“ კლინიკამ დაადასტურა. კადრების სრული გამოქვეყნებით დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, ეს კაცი სცემეს საკანში თუ საკნის გარეთ. რა ვიცით ვინ მიაყენა დაზიანებები, ბადრაგის თანამშრომლებიც ხომ შევიდნენ საკანში კადრებში ჩანს. ფაქტი არის ერთი, წაქცევით ეს ადამიანი ამდენ დაზიანებას ვერ მიღებდა.”
ადვოკატი გვიყვება, რომ პატიმარს ჰქონდა უმძიმესი დაზიანებები, რომელიც სიცოცხლესთან იყო თავიდანვე შეუთავსებელი.
,,ის მართვით სუნთქვაზე იყო, ვერ გამოვკითხეთ ვერაფერი. ამ ვიდეო კადრების გამოქვეყნებით რას ცდილობს პენიტენციური სამსახური? კადრებში ჩანს რომ კაცი უგონო მდგომარეობაშია. ხელი აქვს ჩამოვარდნილი. მაშინ ,,ვივამედში“ უცემიათ ეს ადამიანი, ასე გამოდის მაგათი ლოგიკით, ან სასწრაფოს მანქანაშია ეს დაზიანებები მიყენებული, სხვაგან ხომ არ იყო.
ამ ამბის ჩაფარცხვის მცდელობაა მიდის, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა, მაშინ სად მიიღო იოსებმა დაზიანებები. ჩვენ ვითხოვთ ყველა კითხვაზე პასუხს. ”
ამავე თემაზე ჩვენი რედაქციის სხვა მასალები იხილეთ აქ:
ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა – რა ვიცით იოსებ გორგაძის საქმეზე
Tags: გარდაცვლილი პატიმარი, წალკა