1 200 000 დოლარად ნაყიდი აპარტამენტები დუბაიში, 58 000 ევროდ შეძენილი პარკინგის ადგილი პარიზში – ეს ის ქონებებია, რომელიც სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ამ დრომდე ასახული არ აქვს, – ამის შესახებ საგამოძიებო მასალა, “სტუდია მონიტორმა” მოამზადა.
სიუჟეტის მიხედვით, ანტონ ობოლაშვილს, დუბაიში ერთ-ერთი აპარტამენტი გაქირავებული აქვს, საიდანაც წლიურად 20 000 დოლარი აქვს შემოსავალი – არც ესაა მითითებული დეკლარაციაში.
როგორც ანტონ ობოლაშვილი გვეუბნება, ზემოთჩამოთვლილი ქონების დეკლარაციაში ასახვა “გამორჩა მასაც და მის იურისტებსაც”. მისივე თქმით, მომავალ წელს შევსებულ დოკუმენტში აღნიშნული ქონება უკვე ასახული იქნება.
“მზად ვარ, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო სანქციები გადავიხადო. ის ქონებები ნაყიდია იქამდე, სანამ მე დეპუტატი გავხდებოდი. თუმცა ამას გადაცემაში ყურადღებას არ აქცევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ კარგად იციან,” – გვეუბნება ობოლაშვილი.
აქვე გეტყვით, რომ მაჟორიტარი დეპუტატის მიერ, 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახი ფლობს 5 ბინას, მათ შორის ერთს პარიზში; 6 მიწის ნაკვეთს; ორ ავტოფარეხს და ერთ საცხოვრებელ სახლს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, 2022-23 წლებში სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალური ორგანოების და ააიპების 202 თანამდებობის პირის დეკლრაციიდან 50-ში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ხოლო 31 თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი აღმოაჩინეს.