“არავის გამოუხატავს შენიშვნები, ვინც სარგებლობს ამით,” – ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, სოც სასადილოში 2-ლარიან კვებაზე

December 11, 2025

“ორი ლარი კმარა თუ არა ეს არ არის მნიშვნელოვანი. თქვენს გარდა არავის გამოუხატავს შენიშვნები, ვინც სარგებლობს ამით,” – ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა კბილაშვილი ჩვენს კითხვაზე: საკმარისია თუ არა დღეში ორი ლარი ერთი ბენეფიციარის კვებისთვის, ახალციხის სოციალურ სასადილოში?

ეს კითხვა კბილაშვილს მას შემდეგ დავუსვით, რაც მუნიციპალური ააიპ “სათნოების სახლის” დირექტორმა, ვერა ბარძიმაძემ გვითხრა, რომ სოც სასადილოში მხოლოდ კვებისთვის ერთ პირზე 2 ლარია გათვალისწინებული. 

საბა კბილაშვილი გვეუბნება, რომ კვების რაციონის შესახებ ბენეფიციარებს შენიშვნები არ გამოუხატავს. მისივე თქმით, საკითხი ამ ეტაპზე შესწავლის პროცესშია.

ააიპის ხელმძღვანელმა, ვერა ბარძიმაძემ 18 ნოემბერს, ჩვენს რედაქციასთან თქვა, რომ ყოველდღიურად ერთ ადამიანზე ჯამში 4,02 ლარი იხარჯება, თუმცა აქ შედის ადმინისტრაციული ხარჯებიც – თავად კვებაზე მხოლოდ 2 ლარი მოდის.

ახალციხის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალურ სასადილოს 160-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

როგორია მათი კვების რაციონი? – ახალციხის მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მათგან პასუხი მივიღეთ. თუმცა, არასრული. 

მერიამ ბენეფიციართა ყოველდღიური კვების მენიუ არ გვითხრა. ჩვენ მერიას ინფორმაციის დასაზუსტებლად კვლავ მივმართეთ. 

საჯარო ინფორმაციაში მიუთითებენ, რომ 2026 წლის ბიუჯეტით, გათვალისწნებულია 170 ბენეფიციარის მომსახურება. ხოლო, ერთი ადამიანის დღიურ ხარჯად 4,97 ლარია მითითებული. (ეს ციფრი წინააღმდეგობაში მოდის ააიპ-ის მონაცემებთან, სადაც საუბარია 4,02 ლარზე.)

თემაზე მუშაობას განვაგრძობთ