არჩევანი სიმართლეა – რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების შესახებ

September 24, 2024

26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. სხვადასხვა შეფასებით ეს არჩევნები გადაწყვეტს ქვეყნის საგარეო კურსს, გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და რა ბედი ეწევა “რუსულ კანონს”, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება გამოიწვია.  

ისტორიულ მნიშვნელობის პარალელურად არჩევნები კენჭისყრის წესის ტექნიკური ცვლილებებით და საარჩევნო სისტემითაც განსხვავებულია. წელს პირველად აღარ ავირჩევთ მაჟორიტარ დეპუტატებს და პროცესი სრულად პროპორციული სისტემით წარიმართება. გარდა ამისა, შეცვლილია ხმის მიცემის წესიც, პროცედურა ელექტრონული წესით წარიმართება, ანუ საარჩევნო ბიულეტენზე სასურველი კანდიდატის ნომრის შემოხაზვის ნაცვლად მრგვალი წერტილის გაფერადება მოგიწევთ, ხოლო ბიულეტენს არათუ ყუთში ჩააგდებთ, არამედ სპეციალურ აპარატში, რომელიც ბიულეტენის რაოდენობას ავტომატურად დაითვლის.

არჩევნების მნიშვნელობის, პოლიტიკური ვითარების, “რუსული კანონის” და ბევრი სხვა თანმდევი შინაარსობრივი თუ ტექნიკური გარემოების გამო მომატებულია და მეტად კომპლექსურია საინფორმაციო მანიპულაციები.

ამ სტატიაში ნახავთ: 

სად არის სიმართლე? ცრუ ინფორმაცია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება

გსმენიათ კალმებში ჩამონტაჟებული კამერის შესახებ? ან ხმის მიცემის აპარატის შესახებ, რომელიც თქვენი არჩევანის მიუხედავად მაინც სასურველ ნომერს ხაზავს? ანდაც გგონიათ, რომ თქვენი ბიულეტენი საჯაროდ გამოქვეყნდება და გაიგებენ ვის მიეცით ხმა? – ეს ტყუილია.

რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ეს ცრუ ინფორმაცია საზოგადოებაში აქტიურადაა გავრცელებული და ზოგ ადამიანს მისი სჯერა კიდეც, რაც შედეგობრივად, ამ სიცრუის გამავრცელებელთა მიზნების კვალდაკვალ, ხმის მიცემისას მოქალაქის არჩევანს განაპირობებს. ზოგჯერ ეს გამიზნული ტყუილები ხდება საბაბი იმისა, რომ მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისგან თავს იკავებს ან აკეთებს ისეთ არჩევანს, რომლისაც თავადაც არ სჯერა.

იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ, რა ინფორმაციას თვლიან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლები ტყუილად ჩვენ რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ის, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია ტყუილია ადასტურებს “სამართლიანი არჩევნების” სამართლებრივი ექსპერტი, გიორგი მონიავა. იგი გვეუბნება, რომ თუ პროცედურები ზედმიწევნით იქნება დაცული შეუძლებელია ხმის მიცემის ფარულობა დაირღვეს.

“არც ბიულეტენი და არც აპარატები არ იძლევა საშუალებას რომ კონკრეტული ბიულეტენი დაუკავშიროს ამომრჩეველს ამის თეორიული შესაძლებლობა არ არის,” – გვეუბნება მონიავა.

Რას აკეთებს და როგორ უპირისპირდება ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წინასაარჩევნოდ გავრცელებულ ამ და სხვა მრავალ დეზინფორმაციას და როგორ აწვდის ამომრჩეველს ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების შესახებ ? – ცესკოს პრესსპიკერი, ნათია ზარნაძე-იოსელიანი გვესაუბრება.

დეზინფორმაციის მზარდი ტალღა: პოლიტიკური პარტიების ხედვით და მის გარეშე

მასალაზე მუშაობის მომენტისათვის ქართულ პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ახალი პოლიტიკური აქტორი თუ გაერთიანება გაჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული თითქმის ყველა საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიუთითებდა რომ ხალხს ე.წ. მესამე ძალა სურს, ამ ალტერნატივად პოზიციონირების თუ სხვა სტრატეგიის თანახმად დღეისათვის საქართველოში მმართველი პარტიის ოპონენტებად პოზიციონირებს 26 პოლიტიკური ძალა, მათ შორისაა: 

  • კოალიცია “ძლიერი საქართველო” (ლელო, თავისუფლების მოედანი, ალეკო ელისაშვილის და ანა დოლიძის პარტია) ;
  • “კოალიცია ცვლილებისთვის” (“ახალი”, გირჩი-მეტი თავისუფლება, ელენე ხოშტარია) ; 
  • “ერთიანობა” (სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) “ევროპული საქართველო” ცოტა ხნის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა დატოვეს; 
  • “ფედერალისტები”, რომელიც ევროპული საქართველოდან წასულმა ლიდერებმა დააფუძნეს ;
  • “საქართველოსთვის” ;
  • “გირჩი” ;
  • პრორუსულ პარტიად შერაცხული პატრიოტთა ალიანსი და აწ უკვე გაუქმებული კონსერვატიული მოძრაობის წევრები (ამ უკანასკნელმა, პატრიოტთა ალიანსის პარტიით და ნომრით პოზიციონირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა) 

სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს ( დააჭირეთ აქ 

სპეციალისტების შეფასებით, რაოდენობის მიუხედავად პოლუსი მაინც სულ ორია, ერთი – დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების და მეორე – ანტიდასავლური და პრორუსული. თუმცა ამ სტატიაში შიდა განსხვავებების და პოლიტიკური მანიპულაციების გარჩევის მცდელობა არ გვაქვს, რადგანაც, როგორც გითხარით, ვსაუბრობთ დეზინფორმაციასა და მისი გავლენების შესახებ. 

პოლიტიკური პარტიების ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი მცირდება რეგიონული აქტივობების მიხედვით. მაგალითად, მასალაზე მუშაობის მომენტისათვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საკუთარი პარტიული ოფისი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “საქართველოსთვის”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”, “ძლიერ საქართველოს” და “ქართულ ოცნებას” ჰქონდა. 

ჩვენ მივაკითხეთ მათ და ვკითხეთ როგორია მათი პარტიული პოლიტიკა დეზინფორმაციასთან მიმართებით? Რადგან ამომრჩევლის დაბნევასთან ერთად, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საკუთრივ პოლიტიკური პარტიების მიმართაც, კონკრეტული სუბიექტის დისკრედიტაციის მიზნით. მათ შორისაა, გაყალბებული ციტატები, ფოტო მანიპულაციები და ა.შ. 

თითოეული მათგანი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაწყებული შეხვედრების ნაწილი სწორედ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია გვეუბნება, რომ გამიზნულად ხვდებიან მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც მხოლოდ სახელისუფლებო მედიას უყურებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მართავენ ახალგაზრდულ ბანაკებს ახალგაზრდების ინფორმირებისთვის.

მაშინ როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ადგილობრივი მკვლევარი ორგანიზაციების შეფასებით, ქვეყნის შიგნით ანტიდასავლური დეზინფორმაციის გამავრცელებლად “ქართული ოცნება” გვევლინება, საკუთრივ პარტიაში ფიქრობენ რომ მათ წინააღმდეგაც ხშირად გამოიყენება დეზინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რა – ახალციხის მერი და “ქართული ოცნების” ახალციხის ოფისის თავმჯდომარე, ირაკლი ლაზარაშვილი არ ასახელებს. 

დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიასა და გეგმების ნაკლებობაზე, როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მიუთითებს “მედიის განვითარების ფონდის” მკვლევარი, არაბელა კორძახია. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგია არ გვხვდება. 

“სტრატეგია, რომელიმე პოლიტიკური პარტიის , არ გვხვდება”

“არასაკმარისია ის ბრძოლა, რაც დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საჭიროა გრძელვადიან რესპექტისაზე ფიქრი, რომ გაძლიერდეს მედიაწიგნიერების მიმართულება და კრიტიკული აზროვნება,” – გვეუბნება კორძახია.

როგორ გავარკვიოთ რა არს რეალური და რა ტყუილი – პრაქტიკული რჩევები

ალბათ, სოციალურ ქსელში ხშირად შეგხვედრიათ სტატიები, სენსაციური სათაურებით, რაც ამ ბმულზე გადასვლის საფუძველი გამხდარა. ან ფოტო მიმზიდველი, დამაინტრიგებელი გამოსახულებით, თუმცა ბმულის გახსნის შედეგად სულ სხვა რამ დაგხვედრიათ? – ვფიქრობთ მსგავსი რამ ერთხელ მაინც შეგმთხვევიათ, რადგან დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემქმნელებმა კარგად იციან თუ რა მეთოდებით მოატყუონ, შეიტყუონ და შეცდომაში შეიყვანონ ხალხი. 

დეზინფორმაციის გამოკვლევასა და მასთან ბრძოლაზე როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა სამუშაო არ მცირდება, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო რთულდება პროპაგანდის ამოცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიდეო თუ ფოტო მასალა ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. 

თუმცა, ყველაფერი არც ისე უნაკლოდ გამოიყურება და არსებობს ხერხები იმისა თუ რა დეტალებს უნდა დავაკვირდეთ იმ შემთხვევაში თუ ფოტო ან ვიდეო საეჭვოდ მოგვეჩვენება, ხოლო მათზე ასახული მოვლენა – არარეალური. 

როგორ გავარკვიოთ სიმართლე სიყალბისგან, რა ხერხების გამოყენებით იქმნება სენსაციური შინაარსი აუდიტორიაში დაბნეულობის გამოსაწვევად – ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე და თსუ-ს პროფესორი, ნათია კუპრაშვილი გვესაუბრება.

პრაქტიკული რჩევები

როგორც გავარჩიოთ ყალბი ამბავი რეალურისგან? – ძირითადად ყალბი ამბავი მოიცავს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ან გამიზნულ ტყუილებს, ხანდახან სიმართლესთან შერეულს. მსგავს შემთხვევებში თითქმის ვერ ნახავთ ფაქტის დამადასტურებლად მოყვანილ წყაროებს. ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ საიტებზე არ იძებნება და ინფორმაცია, რომელიც ფაქტების ნაცვლად ემოციებს ეყრდნობა. 

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, იმისათვის რომ ნაკლებად გახდეთ არასწორი შინაარსის მსხვერპლი და საკუთრივ თქვენც არ გაავრცელოთ დამაზიანებელი ინფორმაცია. 

ინფორმაციის მიღებისას დააკვირდით იმას თუ ვინ ავრცელებს მას, რამდენად არის იგი რეალური მედია და რას ეყრდნობა მასალაში მოყვანილი ფაქტები;

შეამოწმეთ ინფორმაციის წყარო, თუ მასალაში ფაქტის დამადასტურებლად მოყვანილია კონკრეტული წყარო გადაამოწმეთ მისი ავთენტურობა. თუ ეს ამბავი უცნობი წყაროდან მოდის შეამოწმეთ ვებ-მისამართი და დომენები. შეამოწმეთ კომპანიის სახელის ნებისმიერი ორთოგრაფიული შეცდომა URL მისამართში.

ავტორი – როგორც წესი, მედია პროდუქტს, რომლის რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მზადდება ჰყავს ავტორი, რომელიც სტატიის თავში ან ბოლოშია მითითებულია. თუ ასე არ არის გვაქვს საფუძველი იმისა, რომ ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი შევიტანოთ. 

ფოტო – ფოტო და ვიდეო მასალა ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ დეზინფორმაცია გავრცელდეს, ზოგიერთ შემთხვევაში ფოტო არასწორი კონტექსტითაა გაზიარებული, ან სხვა მოვლენას ასახავს ანდაც ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. გადამოწმებისათვის შეგვიძლია Google Image search გამოიყენოთ. 

ხუმრობა/სატირა – ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა მედია პროდუქტი იყოს სატირული შინაარსის, თუმცა გადაზიარებული როგორც რეალური ამბავი. შესაბამისად შეამოწმეთ ვებგვერდი, რომ ნახოთ, მუდმივად აქვეყნებენ თუ არა სასაცილო ისტორიებს, არიან თუ არა ცნობილი სატირებით.

დაფინანსება – ხშირად სოციალურ ქსელში შეგხვდებათ სხვადასხვა გვერდი, რომელიც გამოწერილი არ გაქვთ, ეს იმიტომ, რომ მასალა დაფინანსებულია – დააკვირდით დაფინანსების წყაროს. 

რჩევები აღებულია სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართული ორგანიზაციებიდან, რომლებიც დეზინფორმაციის მოკვლევასა და გადამოწმებაზე მუშაობენ, ისეთი, როგორიცაა “მითების დეტექტორი”, “გრასი” და “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი”.

პოსტსიმართლის ეპოქა და მისი გავლენა საქართველოსა და მსოფლიოზე

რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების ჯაჭვში, მოწინავე ადგილს გასული საუკუნიდან იკავებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” 2023 წლის კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ საქართველოში გავრცელებული დეზინფორმაციის 40 % ოკუპანტი ქვეყნის გავლენაზე მოდის, ხოლო 35 % არჩევნების მანიპულაციას ეხება. 

არც წლევანდელი არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდია განსაკუთრებული და კრემლი არაერთ მანიპულაციურ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციებს ავრცელებს, როგორც რუსული პლატფორმებიდან, ასევე – ქართველი აქტორებით. 

“დეზინფორმაცია აქტიურდება იმ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ინტერესი ინფორმაციის მიღებაზე მაღალია, ასეთია – არჩევნები” – ამბობს ჰიბრიდული ომის მკვლევარი, დავით ძიძიშვილი. 

საქართველოში უკვე მოქმედებს გამჭვირვალობის საბაბით მიღებული “რუსული კანონი”. “აგენტების” რეესტრში რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის სურვილი საქართველოში არსებული ორგანიზაციების 2 %-ზე ნაკლებმა გამოთქვა. 

საერთაშორისო პარტნიორების, ადგილობრივო სამოქალაქო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის შეფასებით, “რუსული კანონის” მიღების  საფუძველი დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, კრიტიკის ჩახშობა და მასთან ერთად დემოკრატიასა და დასავლეთთან დაშორებაა.

მიმდინარე მოვლენებს კიდევ უფრო ამძაფრებს წინასაარჩევნო კონტექსტი.

წელს საქართველოსთან ერთად მნიშვნელოვანი საარჩევნო წელი 50-მდე ქვეყანაშია. მათ შორის აშშ-შიც, არჩევნები უკვე გაიმართა ევროკავშირშიც, – მათ მაგალითზე მოგიყვებით თუ რა დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესთან თუ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და როგორია გავლენა საზოგადოებაზე.  

საქართველო

წინასაარჩევნო პერიოდში, Meta-მ უკვე წაშალა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი რუსული ქსელი. ჯამში 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქ გვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში. “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული გვერდები, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს აქტივისტებს აკრიტიკებდნენ და “ქართულ ოცნებას” უჭერდნენ მხარს. ამავე წყაროს ცნობით, რუსულმა ქსელმა რეკლამებისთვის დაახლოებით 77 000 $ დახარჯა. 

გარდა ამისა, ე.წ გავლენის ოპერაციის და უცხოეთში მათი ჩარევის მცდელობის გამო, Meta-მ თავის პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Threads,  WhatsApp) სრულიად დაბლოკა რუსეთის სახელმწიფო მედია ჯგუფი “როსია სეგოდნია”, ტელეარხი RT და  მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები.

ევროკავშირი 

ტყუილებით და ფოტომანიპულაციებით იყო დატვირთული წინასაარჩევნო პროცესი ევროკავშირის ქვეყნებში. გიზიარებთ რამდენიმე მაგალითს:

წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ არაერთი ფოტო და ვიდეო მანიპულაცია გავრცელდა. ტყუილების გამავრცელებლები ფოტომონტაჟით ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მკითხველი, რომ მაკრონი კაცს კოცნიდა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეო, სადაც თითქოსდა მაკრონი გრძელი თმით და სხვადასხვა სტილის ტანსაცმლით კლუბში ცეკვავდა, – აღნიშნული ვიდეო მანიპულაცია კვლევითმა ორგანიზაციამ Grass-მა გადაამოწმა. 

გამოარკვია, რომ ქართული Facebook ანგარიშზე “Apolitical page” გამოქვეყნებული ვიდეო, წარწერით “მაკრონის ახალგაზრდობა” დამუშავებულია. ამას სულ მცირე ორი ფაქტი ადასტურებს:

1. ვიდეო პირველად Tik-tok ანგარიშმა, “retro_hub”-მა გაავრცელა და მიუთითა, რომ გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტი. 

2. ვიდეოს აწერია „დისკოთეკა პარიზში 1984 წელი“ (discothèque PARIS 1984). ამ დროს მაკრონი 7 წლის იქნებოდა.

ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი გახდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დელ ლაიენიც. მან წინასაარჩევნო პერიოდში, დემოკრატიის სამიტზე დეზინფორმაცია ვირუსს შეადარა და აღნიშნა, რომ ამის წინააღმდეგ იმუნიტეტის შექმნაა საჭირო. 

აღნიშნული განცხადება, დეზინფორმაციის შემქმნელებმა გადააკეთეს და ისე გაავრცელეს თითქოს ევროკომისიის პრეზიდენტს “არასწორი აზროვნების” წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია სურდა. Წყარო: Grass 

Რა გავლენა იქონია არჩევნებზე გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და რამდენად ექცევიან მისი გავლენის ქვეშ ევროკავშირში მცხოვრებლები? – ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2024 წლის კვლევის მიხედვით, პოლონეთში, სლოვაკეთში და ჩეხეთში მცხოვრებთა თითქმის ნახევარს სოციალურ ქსელებში გავრცელებული დეზინფორმაციის სჯეროდა, მათ შორის წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით ზემოხსენებულ ქვეყნებში უფრო მეტი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, ვიდრე – რეალური ამბავი. 

ვესაუბრეთ, Grass-ის უფროს ანალიტიკოსს, ვანო გურეშიძეს, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი არა კონკრეტული პირების დისკრედიტაცია იყო, არამედ “საინფორმაციო სივრცის დატბორვა, რათა ამომრჩეველს გზა ვერ გაეკვლია და გასჭირვებოდა რეალური ინფორმაციის გარჩევა – ყალბისგან”

აშშ 

წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება აშშ-შიც, კონკურენტები ექსპრეზიდენტი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი არიან. ჰარისმა კანდიდატურა მას შემდეგ დააყენა, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და ნდობა ჰარისს გამოუცხადა. 

არჩევნები ამერიკაში 5 ნოემბერს გაიმართება, თუმცა კანდიდატების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ინფორმაციის კამპანია უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 

მაგალითად, რუსულ მედიაში გავრცელდა კამალა ჰარისის ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის ავტორებიც ირწმუნებოდნენ რომ იგი იამაიკაში დაიბადა და პრეზიდენტის პოსტისათვის არალეგიტიმურია. მითების დეტექტორის მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორია. 

კამალა ჰარისის დაბადების ადგილის შესახებ სტატია Associated Press-მა გაავრცელა, რომელშიც მოყვანილია დოკუმენტები ჰარისის აშშ-ში დაბადების დასამტკიცებლად. Cbsnews-მა კი პრეზიდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობაც გამოაქვეყნა. 

რუსეთთან ერთად, კამალა ჰარისის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოშიც. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოები, რომელთა მიხედვითაც ჰარისი წარსულში თითქოსდა სექსმუშაკი იყო. (ის, რომ ეს ფოტოები ნამდვილად დამუშავებულია “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა)

ქართული საინფორმაციო სივრცე ამერიკის არჩევნებს აქტიურად ფარავს, მათ შორის პოლიტიკოსების ჩართულობითაც კი. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი, დავით ქართველიშვილი ირწმუნებოდა, რომ 13 ივლისს, პენსილვანიაში დონალდ ტრამპზე თავდასხმა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარემოცვის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მტკიცებულებებიც აშშ-ს “ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” მოიპოვა, თუმცა “მითების დეტექტორის” გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არცერთ ოფიციალურ წყაროში არ დასტურდება. 

“მითების დეტექტორის” მკვლევრის, ცისია კირვალიძის თქმით, აშშ-ს არჩევნების შესახებ, მათ მიერ გადამოწმებული დეზინფორმაციის უმეტესობა მიმართულია პრეზიდენტობის კანდიდატ კამილა ჰარისის დისკრედიტაციისთვის, მათ შორის როგორც ქალის, მისი წარსულიდან ვიზუალის მიმართულებით. 

Router ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით X-ში (twitter) პროპაგანდისტული ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების შესახებ, რომელიც მიზნად ტრამპის განდიდებას და ბაიდენის დისკრედიტაციას ისახავდა. ანგარიშები ორ მთავარ მესიჯს ავრცელებდა: „ხმა მიეცით ტრამპს“ და „ბაიდენი არის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომელიც აშშ-ს ოდესმე ჰყოლია“.

ამავე წყაროს ცნობით, მედია პლატფორმა X-ზე გავრცელებულ პოსტებს 2 თვის განმავლობაში აკვირდებოდა და ჯამში 12 391 არაავთენტური პრო ტრამპის ანგარიში შეისწავლეს.

რუსეთი უკვე წლებია ცდილობს საქართველოში გაავრცელოს პროპაგანდა, რომელიც გამიზნულია დაშლისთვის, საზოგადოების განხეთქილებისთვის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის. 

არჩევნების დროს დეზინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია ხშირად გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, პოლიტიკურ წრეებში გაურკვევლობის შესაქმნელად და დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დეზინფორმაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და არჩევნების სამართლიანობას.

ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889