არჩევნები მაჟორიტარების  გარეშე – ვის ვირჩევთ

October 10, 2024

ისტორიული და წინა წლებისგან განსხვავებული არჩევნები საქართველოში – წელს პირველად ამომრჩეველს აღარ მოუწევს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა და ხმას მხოლოდ პარტიას მისცემს. 

სხვადასხვა შეფასებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს. ნაწილის შეფასებით, პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არ ყოფნა კიდევ უფრო გაზრდის დისტანციას რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და მთავრობას შორის, ხოლო სხვები ფიქრობენ, რომ პროპორციული სისტემა ხელს შეუწყობს კოალიციური პარლამენტის დაკომპლექტებას. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ იმ პარტიას თუ კოალიციას აქვს, რომელიც 5 %-იან ზღვარს გადალახავს. 

ამ სტატიაში, ძააააალიან მოკლედ აგიხსნით თუ რა შეიცვალა სისტემაში და ამომრჩევლისათვის. 

რა არის პროპორციული სისტემა? 

პროპორციული სისტემის დროს, თქვენ როდესაც საარჩევნო უბანზე, კუთვნილ ბიულეტენს მიიღებთ, დაგხვდებათ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების ჩამონათვალი. ამ შემთხვევაში თქვენ ხმას მხოლოდ პარტიას აძლევთ, ხოლო მანდატები ნაწილდება პარტიების მიერ წინასწარ განსაზღვრული სიების მიხედვით. ანუ პარლამენტში შედის პარტია, რომელმაც 5 %-იანი ზღვარი გადალახა, ისეთი წარმომადგენლობით, რასაც პროპორციულად მიიღებს. 

რა არის მაჟორიტარული სისტემა? 

საქართველოში, გასული საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარების ნაწილს პროპორციული წესით, ნაწილს კი – მაჟორიტარული წესით ვირჩევდით. 

მაჟორიტარული სისტემის დროს, ამომრჩევლები ხმას აძლევენ ინდივიდუალურ კანდიდატებს (ეს კანდიდატები ძირითადად წარმოადგენენ რეგიონს) კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში. ამ საარჩევნო სისტემის დროს დეპუტატი პარლამენტში შედის არა პარტიული სიის მიხედვით, არამედ – ყველაზე მეტი ხმის მიღების შემთხვევაში. 

__________

საქართველოში არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების პირობა “ქართულმა ოცნებამ” 2019 წელს დადო. წესით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მმართველმა პარტიამ ეს პირობაც არ შეასრულა და საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ისევ “ოცნების” დეპუტატებმა არ დაუჭირეს. 

ზემოხსენებულს საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, დასავლელი დიპლომატების მედიაციით. შედეგად კი – 2020 წელს პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 30-მდე შემცირდა.

რა იცვლება ამომრჩევლისთვის?

მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულამდე – მოკლედ იმის შესახებ თუ რა იცვლება ამომრჩევლებისთვის. 

  • ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, და არა ინდივიდუალურ კანდიდატს;
  • მანდატები ნაწილდება პარტიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად;
  • სპეციალისტების შეფასებით, წვრილ პარტიებს აქვთ უფრო მეტი შანსი, მიიღონ წარმომადგენლობა;
  • ამომრჩევლების ხმის გავლენა საბოლოო შედეგზე უფრო პირდაპირია პარტიების მიმართ.

რას ფიქრობენ სამცხის და ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატები

სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, “ქართული ოცნების” დელეგატთა სიაში მოხვდა. იგი პარტიული სიის 37-ე ნომერია. 

ჯავახეთის დეპუტატი, სამველ მანუკიანიც დელეგატთა სიაშია და პარტიული სიის 36-ე ნომრად არის წარდგენილი. 

ვკითხეთ მათ, რა პოზიცია აქვთ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ და აქვე ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ, თავიანთი მანდატობის პერიოდში, რა კონკრეტული დაპირება შეუსრულეს მოსახლეობას. 

ანტონ ობოლაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მაჟორიტარის როლი პარლამენტში, რის ალტერნატივადაც დელეგატებს ასახელებს. რაც შეეხება დაპირებას, რომელიც შეასრულა არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ბევრია. 

სამველ მანუკიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

შეფასებები 

რატომ პროპორციული სისტემა? – ვკითხეთ, პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს. მან გვიპასუხა, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში შესაძლებელია ძალაუფლება გადანაწილდეს ხმების შესაბამისად, ხოლო მაჟორიტარული ნიშნავს – ან ყველაფერს – ან არაფერს. 

ანუ საარჩევნო ოლქზე თუ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა  49 % აიღო, ხოლო მეორემ – 51 % – ამ შემთხვევაში გამარჯვებული მხოლოდ 51 %-ის მფლობელი კანდიდატია. პროპორციულში კი ძალაუფლება გადანაწილდება ხმების რაოდენობის მიხედვით. 

რა შეიცვლება რეგიონში მოხვრები მოსახლეობისთვის? რამდენად შესაძლებელია გამართლდეს მოსაზრება, რომ პროპორციული სისტემის დროს დისტანცია რეგიონებსა და ცენტრს შორის გაიზრდება?  – ლევან ლორთქიფანიძეს საპირწონედ ნიდერლანდების პარლამენტი მოჰყავს, სადაც სრულად პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატებს პარტიებისაგან აქვთ მიღებული დავალება თუ რომელ რეგიონზე იქნებიან ისინი პასუხისმგებელი. 

საერთაშორისო პრაქტიკა 

რა სჯობს მთავრობა დაკომპლექტდეს პროპორციული სისტემით თუ – მაჟორიტარული? – ნაწილ განვითარებულ ქვეყანაში პარლამენტს სრულად მაჟორიტარული წესით ირჩევენ, მაგალითად: დიდი ბრიტანეთი, აშშ.

ზოგან შერეულია – გერმანია, იტალია. 

ბევრ ქვეყანაში შეთანხმდნენ, რომ უმჯობესია მთავრობა პროპორციული სისტემით დაკომპლექტდეს: სკანდინავიის ქვეყნები, ნიდერლანდი და ისრაელი.

( წყარო: რადიო თავისუფლება )

“ხშირი არჩევნები არის რეგულარულად ჯანმრთელობის შემოწმება. ეს უფრო კარგია ვიდრე – ცუდი,“ – გვეუბნება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. თუ ჯერ კიდევ არ იცით რომელ საარჩევნო უბანზე ხართ რეგისტრირებული, ნახეთ სტატიას საიდანაც გაიგებთ თუ როგორ გადაამოწმოთ თქვენი თავი და როგორ ამოწეროთ თქვენი მისამართიდან ე.წ ჩაწერილები. 

როგორ გადავამოწმოთ ჩვენი თავი და როგორ ამოვწეროთ ე.წ “ჩაწერილები” ჩვენი მისამართიდან

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

Leave a Reply