“არ ვიცით როდის გაიმართება სასამართლო, ” – „ინდიგოს” დირექტორი, სორდიას დაკავებაზე

April 7, 2025

“საბას 48 საათი ტოვებენ იზოლატორში და ველოდებით როდის გაიმართება სასამართლო, ” – გვეუბნება „ინდიგოს” აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი, მათი ჟურნალისტის საბა სორდიას დაკავებაზე.

ძველიშვილის თქმით, ჟურნალისტი 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ დააკავა როდესაც ის მეგობრებთან შესახვედრად მიდიოდა.

ნატა ძველიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ საბა დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, ის პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით მაინც დააკავეს. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ჟურნალისტის მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს, რის გამოც ისინი სახალხო დამცველის აპარატთან მიმართვას გეგმავენ.

როგორია სახალხო დამცველის პოზიცია დაკავებული ჟურნალისტის შესახებ? უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან ჟურნალისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლო პროცესის თარიღს უწყებაში არ გვეუბნებიან.

საქართველოში გაჭიანურებული სასამართლო პროცესების შესახებ იხილეთ მასალა: “დღეს სხდომა არ ტარდება, “ – სასამართლო პროცესების გაჭიანურებული ბუნება  საქართველოში