აფეთქებისას საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული მოქალაქეები ნაქირავებ ბინებში რჩებიან-ახალციხე

January 21, 2021

26 დეკემბერს, ახალციხეში მომხდარი აფეთქებისას საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებული მოქალაქეები საკუთარ სახლებში ჯერაც არ დაბრუნებულან.

ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ  ევაკურირებულ 11 ოჯახს მერიამ დროებით ბინები დაუქირავა. უწყებაში ამბობენ, რომ მერია საცხოვრებლით მათ უზრუნველყოფას მანამ განაგრძობენ,  სანამ საკუთარ სახლებს არ დაუბრუნდებიან.

რა უჯდება ბიუჯეტს ხარჯი? მერიაში ამბობენ, რომ ინფორმაციისთვის მოგვიანებით დავუკავშირდეთ, რადგან ობიექტზე არიან გასულები. მერიის მიერ ბინის დაქირავებამდე, პირველ იანვრამდე მოქალაქეები სასტუმრო “ვაით ჰაუსში” იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში აფეთქება მოხდა. პირველად მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. აღნიშნულზე სამხარეულის ექსპერტიზის ბიურომ, შსს-ს დაკვეთით  ექსპერტიზა ჩაატარა. როგორც უწყებაში გვეუბნებიან, მიმდინარეობს გამოძიება და ჯერ-ჯერობით აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია.

შსს-ში გამოძიება ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-10 წლამდე, ან სამი წლით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

Toktv.ge