ნახეთ, სიუჟეტი სოფელ ყურთუბნიდან, რომელიც 1949 წლიდან ელიაწმინდას შეუერთდა, თუმცა აქ დარჩენილი 4 ოჯახი სოფლად მაინც მოიხსენიებს
ტექსტი:
ამ გზას ახალციხის სოფელ ყურთუბნამდე მივყავართ. ოფიციალურად ეს სოფელი აღარ არსებობს, რადგან 1949 წლიდან ელიაწმინდას შეუერთდა, თუმცა ადგილობრივები თითქმის სრულად დაცლილ დასახლებას ყურთუბნად მაინც მოიხსენიებენ.
დასახლება ორ ნაწილად არის განლაგებული, ერთ მხარეს 4 მოსახლე ცხოვრობს, მეორე მხარეს კი – უკვე აღარავინ. ლილი კაპანაძე დარჩენილ ოთხთაგან ერთ-ერთია.
გვეუბნება, რომ დასახლების მეორე ნაწილში, უკანასკნელი მოსახლე რამდენიმე თვის წინ დაიღუპა, მას შემდეგ ამ ტერიტორიის სახლებიდან სინათლე არ გამოჩენილა. თუმცა შუქი ლამპიონებიდან მოდის, რომელიც დაცლილ დასახლებაშია დამონტაჟებული.
თითქმის დაცლილ დასახლებაში გზაზე ასფალტი ან ბეტონი არასდროს ყოფილა, ხოლო ხრეშს წვიმის და თოვლის ნიაღვრები რეცხავს.
ციური შუბითიძე, რომელიც ტერიტორიას სირთულეების მიუხედავად არ ტოვებს, გვეუბნება, რომ მეზობლის იმედად არიან. ის დროგამოშვებით გზას თავად ხრეშავს ხოლმე.
რას ამბობს მერია? – აქ მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ ვითარებას “ეტაპობრივად მოაწესრიგებენ”.
დასახლება ელიაწმინდიდიდან დაახლოებით 1 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა დაზიანებული და მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა ამ დისტანციას ზრდის.